ანძავი

ანძავი, სოფელი სამხრ.-დას. საქართველოში, ტაოში, მდ. ოლთისის მარცხ. შენაკადის ანძავისწყლის ხეობაში (ახლანდ. თურქეთის ტერიტ.).

სოფელი მდებარეობს ხეობის შუა ნაწილში, ჩრდ.-დას-იდან აკრავს მაღალი კბოდე, აქ XX ს. დამდეგს (1907) შემორჩენილი იყო საკმაოდ კარგად შენახული ციხესიმაგრე. იგი შედგებოდა ერთმანეთთან მაღალი გალავნით დაკავშირებული სამი ოთხკუთხა კოშკისაგან. ციხის შიგნით იდგა მცირე ზომის, თლილი ქვით ნაგები, მოხატული დარბაზული ეკლესია. სოფლიდან ციხისკენ მიმავალ გზას იცავდა კოშკი. ხეობის, სოფლისა და ციხის მფლობელი იყო ანძაველთა ფეოდ. საგვარეულო, რ-იც XVI ს. დამდეგს იხსენიება წყაროებში.

ლიტ.: თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს, პარიზი, 1938; შარაშიძე ქრ., სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV – XVI სს.), თბ., 1961; ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 3, თბ., 1958.

ა. თორდია