ანჯაფარიძე ეთერ ზურაბის ასული (დ. 15. IX. 1956, თბილისი), პიანისტი. საქართვ. სახ. არტისტი (1989), ზ.ანჯაფარიძის შვილი.
1974 დაამთავრა თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. საშ. სპეციალური სამუსიკო სკოლა (მ. ჭავჭანიძის კლასი), 1979 _ მოსკ. კონსერვ. საფორტეპიანო ფაკ-ტი (პროფ. ვ. გორნოსტაევას კლასი). 1982-92 თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვ. პედაგოგი და საქართვ. ფილარმონიის სოლისტია. ა-ის დაკვრა გამოირჩევა მხატვრული სიმწიფით, ტექ. სრულყოფით, არტისტიზმით.
ასრულებს მსოფლიო პიანისტური რეპერტუარის საუკეთესო ნიმუშებს. პროპაგანდას უწევს ქართვ. კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. გასტროლებს მართავს საზღვარგარეთ (რუსეთი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, ფინეთი, ინდოეთი და სხვ.).
პ. ჩაიკოვსკის სახ. V საერთაშ. კონკურსის (1976, I პრემია) ლაურეატი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
1992-იდან მოღვაწეობს აშშ-ში, ნიუ-იორკის სახელმწ. უნ-ტის პროფესორად.
არაერთი საერთაშ. პრემიის ლაურეატი. მ. შ. I პრემია და გრან-პრი (მონრეალი, კანადა 1976).
გ. ტორაძე