ანჯაფარიძე ირაკლი ერმილეს ძე (1. I 1915, სოფ. აბედათი, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 15. I. 1990, თბილისი), ნიადაგთმცოდნე. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1968), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1986).
1935 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი. 1945 – 49 იყო საქართვ. მეცნ. აკად. მემინდვრეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი, 1953 – 59 – ქუთ. სას.-სამ. ინ-ტის ნიადაგთმცოდნეობის კათედრის გამგე.
1959-იდან სამეცნ.-პედ. საქმიანობას ეწეოდა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტში (ახლანდ. საქართვ. აგრ. უნ-ტი). შეისწავლა საქართვ. ყავისფერი და დამლაშებული ნიადაგები. აგროქიმ. თვალსაზრისით გამოიკვლია საქართვ. უმთავრესი ნიადაგური ტიპები. პირველად დაამუშავა (ი. სარიშვილთან ერთად) საქართვ. ნიადაგის აგროქიმ. კარტოგრამები. შეადგინა (გ. ტალახაძესთან ერთად) საქართვ. ნიადაგის ატლასი და ნიადაგთწარმომქმნელი ქანების რუკა. მასვე ეკუთვნის „მელიორაციული ნიადაგთმცოდნეობის“ სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის და 4 მონოგრაფიული ნაშრომი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.