ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ი. ჟორდანიას სახელობისა, სპეციალიზებული სამედ. სამეცნიერო-კვლ. დაწესებულება, რ-იც იკვლევს ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციასთან დაკავშირებულ ყველა თეორ. და პრაქტ. პრობლემას.
დაარსდა 1958 ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის სახელწოდებით. ინ-ტს 1963 მიენიჭა ი. ჟორდანიას სახელი. 1972 ეწოდა ადამიანის გენერაციული ფუნქციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, 1988 – ადამიანის რეპროდუქციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, 2014-იდან – შპს „ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინ-ტი“.
პროფ. ი. ჟორდანიას ხელმძღვანელობით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა უნაყოფობის პრობლემის გადაჭრის გზებს; შემუშავდა ტაქტიკურ-სტრატეგიული გეგმა, დაისახა უშვილობასთან ბრძოლის სამოქმედო პროგრამა, რ-ის ძირითადი მიზანია საქართველოში მოსახლეობის გამრავლება. მოცემულ ასპექტში გამოიკვეთა მამაკაცის უშვილობის პრობლემა, ბრძოლა ხელოვნურ აბორტთან, დაგვიანებულ ქორწინებასთან და სხვ.
1984-იდან ინ-ტს ხელმძღვანელობს პროფ. ა. ხომასურიძე, რ-ის ძალისხმევით ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი დისციპლინა – რეპროდუქტოლოგია. საქართველოში პირველად ჩატარდა in vitro განაყოფიერება, ლაპაროსკოპიული კვლევა, დაინერგა კონტრაცეპცია, სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი, მედიკამენტური აბორტი, მიფეპრისტონით უმტკივნეულო მშობიარობა და სხვ. ინოვაციები. 1988 ინ-ტი გახდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სათანამშრომლო ცენტრი შობადობის რეგულაციის საკითხებში.
ამჟამად, ინ-ტს აქვს 14 კაბინეტი: ქალის და მამაკაცის რეპროდუქციის, ანდროლოგიის, სექსოლოგიის, უროლოგიის, მამოლოგიის, ბავშვთა და მოზარდთა რეპროდუქტოლოგიის, საერთო ენდროკრინოლოგიის, in vitro განაყოფიერების, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის, კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკის (ჰორმონული, ბიოქიმიური, იმუნოლოგიური გამოკვლევები) და ტექნ. სამსახური.
ინ-ტში სწავლობენ მოსახლეობის დემოგრაფიულ და სოციოლოგიურ პრობლემებს, შობადობის რეგულაციის საკითხებს, საშვილოსნოს მილების პათოლოგიით და ენდოკრინული გენეზით გამოწვეულ უშვილობას, ანდროლოგიის პრობლემებს და სხვ. ინ-ტი პერიოდულად აქვეყნებს შრომათა კრებულებს, ატარებს რესპ. და საერთაშ. კონფერენციებს, სიმპოზიუმებს.
ა. ხომასურიძე