კვირიკე I

კვირიკე I, კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 892–918.

მისი მმართველობის დროს საქართველოს შემოესია არაბი ამირა აბუ ლ-კასიმ აბუ-საჯის ძე (იხ. აბუ ლ-კასიმის ლაშქრობა საქართველოში 914), დაიპყრო კახეთის ციხეები – უჯარმა და ბოჭორმა. კ. I დაუზავდა მას და უჯარმა დაიბრუნა. კ. I-ის მიერ მიღებული ასეთი გადაწყვეტილების შედეგად ამ შემოსევებს კახეთის სამთავრო თითქმის უვნებლად გადაურჩა, რაც უაღრესად ხელსაყრელ წინაპირობად იქცა მისი შემდგომი გაძლიერება-განმტკიცებისათვის. მას შესაძლებლობა მიეცა, ეზრუნა საკუთარი სამფლობელოს საზღვრების გაფართოებაზე. კერძოდ, დაახლ. 915 კ. I-მა აფხაზთა მეფე კონსტანტინე III-თან ერთად გაილაშქრა ჰერეთის წინააღმდეგ.

მოკავშირეებმა დაიპყრეს და გაინაწილეს ჰერეთის პუნქტები – არიში (ახლანდ. მთისძირი), გავაზი (ახლანდ. ახალსოფელი), ორჭობი. კ. I-ს ერგო ორჭობი. რამდენიმე ხნის შემდეგ ჰერეთის მეფე ადარნასე პატრიკმა ისარგებლა კახეთის სამთავროს საგარეო პოლიტ. ვითარების გართულებით და დაკარგული ტერიტ. დაიბრუნა.

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970; მისივე, რანთა და კახთა სამეფო (VIII –XI სს.), თბ., 1982; საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძის და რ. მეტრეველის რედ., თბ., 2007.

თ. პაპუაშვილი