ადგილის დედა, ქართული წარმართული ღვთაება. ამა თუ იმ ადგილის ან სოფლის, იქაურ მკვიდრთა და მის სამფლობელოში მოსული უცხო კაცის მფარველი. მიეწერებოდა ქალების, ბავშვების, მონადირეების, მსხვილი რქოსანი საქონლისა და მისი ნაწველ-ნადღვების, ნახნავ-ნათესის დაცვა-პატრონობა და ნაყოფიერების მინიჭება. ა. დ-ის კულტი, რ-იც მთელ საქართველოში უნდა ყოფილიყო გავრცელებული, შემოინახა აღმ. საქართველოს მთამ, სადაც მისი საკულტო ძეგლი თითქმის ყველა სოფელშია.
ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ა. დ. ღვთისმშობლის კულტს დაუკავშირდა. ქრისტიან. წმინდანმა შეითავსა ნაყოფიერების უძველესი ღვთაების ფუნქციები. მთიელები მას „ადგილის დედის“, „ადგილის დედა ღვთისმშობლის“ ან „დედა ღვთისმშობლის“ სახელით მოიხსენიებდნენ.
ლიტ.: ბარდაველიძე ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ. 1-ფშავი, თბ., 1974; ტ. 2-ხევსურეთი, თბ., 1982; ტ. 22-თუშეთი, თბ., 1985; მაკალათია მ., მესაქონლეობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1985; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1).
თ. ოჩიაური