ადგილობრივი ჯიში სასოფლო-სამეურნეო კულტურისა, „ხალხური სელექციით“ შექმნილი, უკეთესი სამეურნეო ან სხვა სასარგებლო თვისებების გამო საგანგებოდ დაცული ან შემონახული მცენარეები.
ა. ჯ. ბიოლოგიურად კარგად არის შეგუებული თავისი ჩამოყალიბებისა და გავრცელების ზონის ბუნებრივ პირობებს და მყარი მოსავლიანობით ხასიათდება, მაგრამ თანდათან ადგილს უთმობს უხვმოსავლიან სელექციურ ჯიშებს. საქართველო გამოირჩევა ვაზის, ხილ-ბოსტნეულის ა. ჯ-ებისა და მინდვრის კულტურების მრავალფეროვნებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ „ხალხური სელექცია“ ჩვენში ოდითგანვე მაღალ დონეზე მდგარა.
ქართ. მევენახეობა ძირითადად ადგილ. ჯიშებზეა დაფუძნებული (რქაწითელი, საფერავი, ჩინური, ცოლიკაური და სხვ.). ქართ. ხორბლის ა. ჯ-ის მდიდარი ასორტიმენტი, როგორც სასელექციო მასალა, მსოფლიო მნიშვნელობისაა (მახა, დოლის პური, ხანდური, დიკა და სხვ.). დას. საქართველოში სიმინდის ა. ჯ-ის ნახევარკბილა ფორმები დღემდე შეუცვლელია.