ადელუნგი (Adelung) იოჰან კრისტოფ (8. VIII. 1732 – 10. IX. 1806), გერმანელი მეცნიერი, გრამატიკოსი, ლექსიკოგრაფი.
სახელი გაითქვა შრომებით „გერმანული ენის დაწვრილებითი სახელმძღვანელო“ (ტ. 1–2, 1782) და „ზემოგერმანული დიალექტის სრული გრამატიკულ-კრიტიკული ლექსიკონი“ (ტ. 5, 1774–86). ი. ს. ფატერთან ერთად შეადგინა კრებ. „მითრიდატე ანუ საზოგადო ენათმცოდნეობა...“ ეს არის ცნობები მსოფლიოს ენათა შესახებ. I ტომში წარმოდგენილია ცნობები აზიის ენებზე. აქვეა ქართ. ენის მოკლე დახასიათება. ა. ცაგარლის სწორი ვარაუდით, ა-ს გამოუყენებია ფრანჩესკო მაჯოს „ქართული ენის გრამატიკა“ (რომი, 1670). ზოგი ფაქტის მიხედვით უნდა ვიფიქროთ, რომ მას სხვა ცნობებიც ჰქონია ქართ. ენის შესახებ.
ა. ქართულის შემდეგ თვისებებს ჩამოთვლის: ქართული განეკუთვნება მთის ენებს; აქვს 37 ბგერა, აქედან 10 არის შიშინა, 9 – ხორხისმიერი; დამახასიათებელია მაგარი თანხმოვნების თავმოყრა; არა აქვს ნაწევარი, სიტყვების წარმოება ხდება პრეფიქსებითა და სუფიქსებით, სახელი არ განარჩევს სქესს; ბრუნება მარტივია, აქვს 6 ბრუნვა; სახელთა მრ. რიცხვი იწარმოება -ბი, -იბი, -ები სუფიქსებით; ზედსართავ სახელს აქვს შედარებითი (მაწარმოებელი -სი) და აღმატებითი („სულა“ სიტყვის მიმატებით დადებითი ხარისხის ფორმაზე) ხარისხის ფორმები; ნაცვალსახელები წარმოდგენილია სრულად; აქვს უღლების 4 სახეობა, მაგრამ თითქმის ყველა ზმნა თავისებურია. ვნებითის ფორმები პერიფრასტულია; თხრობითის კილოს 6 დრო აქვს; ჩვეულებრივი ნამყოს გარდა კიდევ ორი წარსული დროა; უღლებისას ზმნები იცვლება პირთა მიხედვით, ამავე დროს ნაცვალსახელებსაც ირთავენ წინ; ახასიათებს წინდებულთა სიმცირე და თანდებულთა სიმრავლე; არა აქვს მუდმივი ადგილის მქონე მახვილი: იგი შეიძლება ეცემოდეს ბოლო მარცვალს ან ბოლოდან მეორეს, ან ბოლოდან მესამე ხმოვანს. მრავალი უზუსტობის მიუხედავად, ქართ. ენის ზოგიერთი თავისებურება ა-ის მიერ დიდი ლინგვისტური ალღოთია გამოვლენილი.
ლიტ.: რევიშვილი შ., ქართული ლიტერატურის გერმანელი მკვლევარები, «ცისკარი», 1969, № 5; Цагарели А., О грамматической литературе грузинского языка, СПб., 1873.
თ. უთურგაიძე