კვირიკეწმინდის, წმინდა კვირიკეს და ივლიტას ეკლესია

კვირიკეწმინდის, წმინდა კვირიკეს და ივლიტას ეკლესია, X–XI სს. არქიტექტული ძეგლი, მდებარეობს სოფ. კვირიკეწმინდაში (ყოფ. კორტი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი). შემაღლებულ კონცხზე. ეკლესიიდან სამხრ-აღმ-ით, კლდოვან ბორცვზე დგას, გეგმაით მართკუთხა მოხაზულობის კოშკი, რ-იც, ერთი მოსაზრებით ვახუშტი ბატონიშვილის მიერ მოხსენიებული კვიტაშვილების ციხე უნდა იყოს. თვით კვირიკეწმინდის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. იგი ამ ხუროთმოძღვრული ტიპის ერთადერთი ნიმუშია რაჭაში. XVI–XVII სს. ძეგლი განაახლეს. 1991 მიწისძვრის დროს ეკლესია ძლიერ დაზიანდა. ამჟამად აღდგენილია. სამნავიანი ბაზილიკის შუა ნავი გვერდითა ნავებზე მაღალია და განიერი. ფასადები შემოსილია სხვადასხვა ზომის კარგად დამუშავებული კირქვის კვადრებით, რ-თა შორის ჩართულია შირიმის ქვები. ეკლესიის ნავები ერთმანეთისაგან გამიჯნულია ერთ წყვილ ბურჯზე დაყრდნობილი ორსაფეხურიანი თაღებით. ნავთა გამყოფი თაღედი უშუალოდ კაპიტელებს კი არ ეყრდნობა, როგორც ეს საყოველთაოდაა მიღებული, არამედ მათ ზევით მოთავსებულ მართკუთხა ფილას. ცენტრ. ნავი აღმ-ით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რ-იც გეგმის მართკუთხედიდან ხუთწახნაგა შვერილის სახით გამოდის გარეთ. აფსიდში და აფსიდის ზემოთ თითო სარკმელია გაჭრილი. საკურთხეველს წინ უძღვის ღრმა ბემაა. გვერდითი ნავების აფსიდების წინ მდებარე თაღები პილასტრებს ებჯინება. აფსიდებში გაჭრილია თითო სარკმელი. ეკლესიის სამივე ნავის კამარები დანაწევრებულია საბჯენი თაღებით. შენობის ცოკოლი ორი მართკუთხა საფეხურისაგან არის შედგენილი. შენობის გეგმაში ყურადღებას იქცევს ნავთა გამყოფი თაღედის საყრდენების რაოდენობა და მათი განლაგება. ბურჯების ერთადერთი წყვილი ისეა განაწილებული, რომ საკურთხევლის წინ კვადრატი იკვრება, რის გამოც დარღვეულია ბაზილიკური ნაგებობისათვის დამახასიათებელი გრძივი ღერძი. კიდურა ნავების აღმ. ნაწილებში არ არის გამოყოფილი სამკვეთლო და სადიაკვნე. ეკლესიის სადა ფასადებზე ორი მოჩუქურთმებული დეტალია – სამხრ. შესასვლელის არქიტრავი და ამავე ფასადის ერთ-ერთი კრონშტეინი, რ-ის ორნამენტი გამორჩეული ოსტატობითაა შესრულებული.

ლიტ.: ჩაჩხუნაშვილი ც., წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესია სოფ. კვირიკეწმინდაში//საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი ს/ს სამმართველო. სამეცნიერო შრომების წელიწდეული – II. – 1996.