დიონისე პერიეგეტე

დიონისე პერიეგეტე (Dionysios ho Periēgētēs), II ს. I ნახევრის ბერძენი პოეტი, გეოგრაფი. წარმოშობით ქ. ალექსანდრიიდან (ეგვიპტე).

სრულად არის მოღწეული მისი 1187 ტაეპისაგან შემდგარი ჰეგზამეტრით დაწერილი პოემა „მსოფლიოს აღწერილობა", რ-იც რომაულ და ბიზანტ. ხანაში მიჩნეული იყო გეოგრაფიის ძირითად სახელმძღვანელოდ.

საქართველოს ისტორიის თვალსაზრისით, მის ნაშრომში საყურადღებოა ის გარემოება, რომ იგი იცნობს ქართველ და მათ მეზობელ ტომებს და დაინტერესებულია მათი წარმომავლობით. გვაწვდის შემდეგი სახის ცნობებს: კოლხიდაში კირკეს დაბლობზე მოედინება მდ. ფასისი; აფსირტეს კუნძულებს შეაფარეს თავი არგონავტებს დადევნებულმა კოლხებმა; მიდიელები მედეას შთამომავლები არიან, რის გამოც მათ ქვეყანაში მედიცინა დიდად განვითარდა.

კოლხებისა და ფასისის დას-ით ცხოვრობენ პონტოელი ტომები,რ-თა შორის ჩამოთვლილი არიან ბიძერები, ბექირები, მაკრონები, ფილირები, ტიბარენები, ხალიბები ... (დ. პ-ს დროისათვის ადრინდ. წყაროებში მოხსენიებულ ამ ტომთაგან ზოგი აღარ არსებობს, ზოგიც სხვა სახელით არის ცნობილი); შავი ზღვის ჩრდ.-აღმ. სანაპიროზე სახლობენ სინდები (ზიკხები), კერკეტიები, აქაველები (დ. პ-ს მიხედვით მოსული ბერძნები არიან), ჰენიოხები, ძიგიები (პელაზგიდების ქვეყნიდან მოსულან).

ტინდარიდების ქვეყანა (ანუ დიოსკურია თავისი სანახებით – ეს სახელწ. დიოსკურების სინონიმია) კოლხების ქვეყნის საზღვარზეა, კოლხები კი ეგვიპტიდან არიან მოსული; კასპიისა და ევქსინის ზღვებს შორის მდებარე ყელზე ცხოვრობს იბერთა აღმოსავლური ტომი, რ-იც ოდესღაც პირენედან მოვიდა აღმოსავლეთში და დამხვდურ ჰირკანიელებთან სასტიკი ბრძოლა გამართა. ამ ცნობაში საინტერესოა ვერსია აღმ. იბერთა წარმომავლობის შესახებ. შესაძლოა იბერთა და ჰირკანიელთა ბრძოლა სრულიად რეალური ისტ. ამბავი იყოს. იბერთა მეზობელ, აღმ-ით მცხოვრებ ტომს დ. პ. კამარიტებს უწოდებს, ამ მხარეს კი – ღვინის ქვეყანას. ამ ტერიტორიაზე კამარიტები მხოლოდ დ. პ-ს თხზულებაში გვხდება, მაგრამ იბერიის აღმ-ით მდებარე მხარე რომ ღვინის ქვეყანაა, ეს რეალობაა.

დ. პ. იცნობს „მამაც ალბანებს" (კასპიის ზღვის დას-ით) და სარმატებს (მეოტისის ტბის აღმ-ით, თუ სარმატიის დაბლობზე). აღსანიშნავია ისიც, რომ „სკვითია" და „სკვითები" დ. პ-თვის ფართო ცნებაა: პონტოელი ტომები „სკვითიის რჩეული ტომები" არიან. საფიქრებელია, რომ დ. პ-სა და მისი კომენტატორებისათვის „სკვითები" კრებითი ცნებაა, „ბარბაროსების" ერთგვარი სინონიმია.

პუბლ: ყაუხჩიშვილი  თ., ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, [ტ.] 1, თბ., 1967; Bernhardy  G., Dionysius Periegetes graece et latine..., Lipsiae, 1828; Geographi Graeci minores, ed. C. Müller, v. 2, P.,1861.

თ. ყაუხჩიშვილი