ადიღე

ადიღე, ისტორიული მხარე ჩრდ. კავკასიაში – ყუბანსა და შავიზღვისპირეთში, ადიღეების განსახლების ადგილი.

ა-ს ტერიტორიაზე ადამიანის უძველესი კვალი ძვ. ქვის ხანას განეკუთვნება. ძვ. წ. III ათასწლეულში გავრცელებული იყო მაიკოპის კულტურა. ანტ. წყაროებში ადიღეები მეოტების სახელითაც იყვნენ ცნობილი. მომდევნო საუკუნეებში ადიღეებმა განიცადეს სკვითებისა და სარმატების ეთნ.-კულტ. ზეგავლენა. I ს-ში ა-ს ალანები შეესივნენ, ხოლო IV ს-ში – ჰუნები.

I ს-ში გაძლიერდა ზიხების ტომი, რ-იც V–X სს-ში სათავეში ედგა ადიღურ ტომთა კავშირს. „ზიხი“ ქართ. წყაროებში მოხსენიებული „ჯიქის“ შესატყვისია. ძვ. ქართ. წერილობით დოკუმენტებში „ჯიქეთი“ მთელ ა-საც გულისხმობდა. ადიღეები საქართველოში „ქაშაგების“, „ქაშქების“ სახელითაც არიან ცნობილი. სვანები მათ დღესაც „ქაშქებს“ უწოდებენ.

ა.-საქართვ. ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ლეონტი მროველის (XI ს.) ცნობით, მეფეების – აზორკისა და არმაზელის დროს (I ს.) ქართლის ლაშქარში ჯიქებიც ყოფილან. ჯუანშერის ცნობით, 455 ეს მხარე ლაშქრით გაუვლია ვახტანგ გორგასალს. VII ს-ში კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლ. კრებამ ჯიქეთის ეპარქია მცხეთის საკათალიკოსოს დაუქვემდებარა. XII–XIII სს-ში ა. საქართვ. პოლიტ გავლენაში მოექცა.

XIII ს-ში ა-ს ნაწილი ოქროს ურდომ დაიმორჩილა. XVI ს-იდან განიცადა ოსმალეთისა და ყირიმის სახანოს პოლიტ. ექსპანსია. ამავე დროიდან გავრცელდა ისლამი. 1557 რუს. მფარველობაში შევიდა. ფაქტობრივად ა-ს ტერიტ. რუსეთს XIX ს-ის 30–60-იან წლებში შეუერთდა (იხ. კავკასიის ომები 1817–64).