ადიღეები (საკ. სახელწ. ადიღე), წარსულში მრავალრიცხოვანი, ენითა და წარმოშობით მონათესავე ტომების ჯგუფი ჩრდ. კავკასიაში, ამჟამად ადიღეელების, ჩერქეზებისა და ყაბარდოელების საერთო სახელწ.
ა-ის მეტყველება კავკ. ენათა ოჯახის განსაკუთრებულ (აფხაზურ-ადიღურ) ჯგუფს ქმნის. ა-ის წინაპარი ტომები – სინდები, კერკეტები, ტორეტები, ზიხები (ქართ. წყაროებით – ჯიქები) – ძვ. წ. VI–V სს-ში ჩრდ. კავკ. დას. ნაწილში, ყუბანსა და შავიზღვისპირეთში ცხოვრობდნენ.
ანტ. წყაროებში ყუბანისპირელი ა. მეოტების კრებითი სახელითაც მოიხსენიებიან, შავიზღვისპირა ტომები კი – საკუთარი სახელწოდებით (ზიხები, კერკეტები და სხვ.). ჯერ ალანების (I ს.), შემდეგ ჰუნების (IV ს.) მოძალების შედეგად ა-მა სამხრ.-აღმ-ით გადაინაცვლეს. ვახტანგ გორგასლის (V ს.) დროს, ქართ. წყაროების მიხედვით, „იოტნეს... ჯიქნი თურქთაგან... ხოლო ჯიქნი დაემკჳდრნეს ბოლოსა აფხაზეთისასა“ (ქართლის ცხოვრება). დაახლ. V ს-იდან ზიხები სათავეში ჩაუდგნენ ა-ის ტომთა კავშირს. VIII–IX სს. მიჯნაზე ჯიქეთი შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. X ს. რუს. წყაროები ა-ს კასოგებს უწოდებენ, აღმოსავლური (სპარსული, არაბული) – კაშაკებს (ყაშაყებს), კეშეკებს, ქართული – ქაშაგებს. მონღოლთა შემოსევის დროიდან ა-ს ჩერქეზებად იხსენიებენ. XIII–XIV სს-ში ა-ის ნაწილი (ყაბარდოელები) მდ. თერგის აუზში დასახლდა. ყუბანსა და შავიზღვისპირეთში დარჩენილ ა-გან კი ჩამოყალიბდა ადიღეელი ხალხი. კულტურასა და ყოფაში (ტანსაცმელი, იარაღი, საოჯახო წყობა, რწმენა-წარმოდგენები, ფოლკლორი და სხვ.) ბევრი საერთო აქვთ აბაზებსა და აფხაზებთან.
ძვ. ა-ის შთამომავლები – ადიღეელები უმეტესად ადიღეში ცხოვრობენ, ყაბარდოელები – ყაბარდო-ბალყარეთში, ჩერქეზები – ყარაჩაი-ჩერქეზეთში.
ლიტ.: Ногмов Ш. Б., История адыгейского народа…, Нальчик, 1958.
ალ. რობაქიძე