ადიღეელები

ადიღეელები (საკ. სახელწ. ადიღე), ჩრდ.-დას. კავკ. აბორიგენი ხალხი.

ცხოვრობენ ადიღეში, კრასნოდარის მხარის ლაზარევსკაიას, ტუაფსესა და ნოვოკუბანსკის რ-ნებში, სულ რუსეთში 125,8 ათ. კაცი (2010). ა. მონათესავე ყაბარდოელებსა და ჩერქეზებთან ერთად კავკ. უძველეს მკვიდრთა ადიღეების შთამომავალნი არიან. ლაპარაკობენ ადიღურ ენაზე. ანთროპოლოგიურად ყველაზე მეტად ყაბარდოელებს ჰგვანან.

XVI ს-მდე ქრისტიანები იყვნენ, შემდეგ მათ შორის ისლამმა (სუნიზმი) მოიკიდა ფეხი. XVIII–XIX სს-ში ა-ში შედიოდნენ ნათხვაჯები, ბჟედუღები, აბაძეხები, შაფსუღები, ჭემგუელები, ბესლანელები და სხვა მცირე ტომები (ამჟამად ტომობრივი დაყოფა აღარ არსებობს). ა-ის დიდი ნაწილი XIX ს. 60-იან წლებში თურქეთში გადასახლდა. ა-ის საზ. ცხოვრება ფეოდ.-პატრიარქალური ხასიათისა იყო. ისინი უპირატესად სოფლის თემებად ცხოვრობდნენ, მისდევდნენ მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, მებაღეობას. ვითარდებოდა ხელოსნობა-ოქრომჭედლობა, მეთუნეობა, ლითონდამუშავება, მჭედლობა და სხვ.

XX საუკუნეში ა-ის ყოფა-ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ამჟამად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შექმნილია ადიღეს რესპუბლიკა.

ლიტ.: Аутлев М. Г., Зевакин Е. С., Хоретлев А. О., Адыги, Майкоп, 1957; Народы Кавказа, т. 1, М., 1960.

თ. ჩიქოვანი