ალეთოლოგიური რეალიზმი

ალეთოლოგიური რეალიზმი, ფილოსოფიური ნააზრევი, რ-ის მიზანია შემეცნების მეთოდის დაფუძნება.

შეიმუშავა შ. ნუცუბიძემ მოღვაწეობის პირველ ნახევარში. ამოცანის სწორი გადაწყვეტა მოითხოვდა არა მხოლოდ სპეც.-ადამიანურის, არამედ სპეციფ.-ადამიანურის გადალახვასაც. ვინაიდან სპეც.-ადამიანური ეკუთვნის ლოგიკურის სფეროს, ფილოს. აზროვნების ამოსავალი პუნქტი უნდა გამოიძებნოს წინალოგიკურში. ასეთია „ჭეშმარიტება თავისთავად“, რ-იც დაცლილია შინაარსისაგან, წინააღმდეგობათა სფეროს მიღმაა და არ ემორჩილება ლოგიკურ კანონებს, ამავე დროს იგი მიმართებათაგან თავისუფალია და განხორციელებული (საპირისპიროდ მსჯელობისა, რ-იც განხორციელებისაკენ მიისწრაფვის). შემეცნების ამოცანაა საგნის არსის შეცნობა, მისი კვლევა კი შემეცნების თეორიას ევალება. შემეცნების არსება ის არის, რომ იგი ინტენციაა და განიხილება უსაგნოდ, მისი შესწავლა უკვე ფენომენოლოგიის ამოცანაა, შემეცნების სტრუქტურა კი ალეთოლოგიის საგანია. შემეცნების სტრუქტურაში თავს იჩენს მისი ორგანზომილებიანობა: ჭეშმარიტება თავისთავად არის წანამძღვარი და ამავე დროს მიზანი შემეცნებისა. ორად იყოფა შემეცნების მეთოდოლოგიაც - გამომდინარეობის მეთოდად და დაყვანის ანუ რედუქციის მეთოდად, რ-იც ფილოს. ძირითადი მეთოდია. მისი დანიშნულებაა „ჭეშმარიტება ჩვენთვის“ დაიყვანოს „ჭეშმარიტებაზე თავისთავად“. ა. რ. იყო ქართ. ფილოს აზრის ახ. გზის ძიება XX ს. 20-იან წლებში.

ლიტ.: ბაქრაძე კ., ჭეშმარიტების პრობლემა და შემეცნების სტრუქტურა, «მნათობი», 1928, № 1; ნუცუბიძე შ., ალეთოლოგიის საფუძვლები, თბ., 1922; ხიდაშელი შ., შალვა ნუცუბიძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბ., 1989; Шерозия А. Е., Философская мысль в Грузии в первой четверти XX века, тб., 1963; Nuzubidse Sch., Philosophie und Weisheit, B.-Kōnigsberg, 1931; მისივე, Wahrheit und Erkenntnisstruktur, B.-Lpz., 1926.

შ. ხიდაშელი