ადელხანოვის ტყავის ქარხანა, ტყავ-ფეხსაცმლის საწარმო თბილისში.
1875 გახსნა მრეწველმა გ. ადელხანოვმა. 1886-იდან ქ-ნაში ძირითადი საწარმოო პროცესები მექანიზებული იყო, იყენებდნენ ელექტროენერგიას. 1900 საწარმოში დასაქმებული იყო 215 მუშა. ქ-ნა ადგილ. ნედლეულს ამუშავებდა და ტყავის ნაწარმით ამარაგებდა კავკ. ჯარების საინტენდანტოს. ტყავის ნაწილს იყენებდნენ ამავე ქ-ის ფეხსაცმლის წარმოებაში, ხოლო დანარჩენს ასაღებდნენ მთელ კავკასიაში. ა. ტ. ქ-ის პროდუქციის საერთო ღირებულება 1886 წ. შეადგენდა 652 ათ. მან. 1900 წ. – 750 ათ. მან-ზე მეტს. 90-იან წლებში გ. ადელხანოვმა დააარსა სააქციო საზ-ბა (წესდება დამტკიცდა 1896, საქმიანობას შეუდგა 1897), რ-შიც გაერთიანდა მისი ტყავ-ფეხსაცმლისა და ქეჩის ყველა საწარმო.
საბჭ. პერიოდში ქ-ნა სახელმწ. საკუთრებაში გადავიდა და დაერქვა ვ. ი. ლენინის სახ. ტყავის №1 ქ-ნა. 1995 მის ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბა „ოქროს საწმისი“. 2000-იდან საწარმოს საქმიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა და შემდეგ შეჩერდა.
ლიტ.: გუგუშვილი პ., კაპიტალიზმის წარმოშობა და განვითარება საქართველოსა და ამიერკავკასიაში, თბ., 1941, გვ. 383 – 385; როდონაია ნ., თბილისის მრეწველობა მე-19 ს. II ნახევარში, თბ., 1961, გვ. 8 – 9; ხოშტარია ე., მრეწველობის განვითარება და მუშათა კლასის ჩამოყალიბება XIX საუკუნის საქართველოში, თბ., 1966, გვ. 196–198.