ადრეკილაჲ

ადრეკილაჲ, 1. ნაყოფიერების ღვთაება: კვირიასადმი მიძღვნილ ადრესაგაზაფხულო დღესასწაულთა ციკლში შემავალი რიტუალი. ასახავს ნაყოფიერებასთან და ბუნების აღორძინებასთან დაკავშირებულ რწმენა-წარმოდგენებს, რ-თა რელიგიურ-მითოსური პრინციპები სქესთა ურთიერთობების სახით იყო წარმოდგენილი. გავრცელებული იყო ქვემო სვანეთში. მამაკაცთა ორი ჯგუფი მღეროდა სიმღერას, რ-ის ტექსტი ასე იწყება: „ოი, ადრეკილა წაგვივიდა და მოგვივიდა, გირტყამთ ჯოხს...“ და ა. შ. სიმღერის ყოველ ფრაზას მორიგეობით ასრულებდა თითოეული მხარე სვანურად და ქართულად. სიმღერის მუს. ზომაა 4/4. სიმღერის დამთავრების შემდეგ გუნდები „ბრძოლას“ იწყებდნენ. მეფერხულეები ერთმანეთს სტაცებდნენ ქუდს, ხმალს, ქამარს და სხვ., შეიძლება კაციც „დაეტყვევებინათ“. ა. განეკუთვნება ნაყოფიერებასთან დაკავშირებულ წარმოდგენებს, რ-თა შესატყვის რიტუალებში ხშირად ნატურალისტურად იყო ასახული სექსუალური მომენტი. ასეთი წარმოდგენები ფართოდ იყო გავრცელებული უძველეს სამიწათმოქმედო კულტ. მქონე ხალხებში, მ. შ. ქართველთა წინაპრებშიც. 2. რიტუალური აქსესუარი, ხისგან გამოთლილი ფალოსის გამოსახულება, რ-საც წელზე ჰკიდებდნენ კვირიკეს დღესასწაულებში მონაწილე პერსონაჟებს (უმთავრესად მამაკაცებს). მისი პარალელებია კახური „კონკილა“, ზემო სვანური „საქმისა“, ჯავახური „თულო“, ქართლური „კანჭი“.

ლიტ.: ბარდაველიძე ვ., ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები, თბ., 1953; რუხაძე ჯ., ქართული ხალხური დღესასწაული, თბ., 1966; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1); ჯანელიძე დ., ქართული თეატრის ხალხური საწყისები, წგ. 1, თბ.,1948.

ირ. სურგულაძე

ა. თათარაძე