ადრიანე

ადრიანე, ჰადრიანე, პუბლიუს ელიუს (Publius Aelius Hadrianus) (76–138), რომის იმპერატორი 117–138, ანტონინების დინასტიის წარმომადგენელი. მის დროს მოხდა რომის სახელმწიფოს შემდგომი ცენტრალიზაცია და იმპერატორის ხელისუფლების განმტკიცება, ჩატარდა რომაული სამართლის კოდიფიკაცია, რომის იმპერიის საზღვრების გასწვრივ ააგო თავდაცვითი სიმაგრეების სისტემა (Limes Romanus). ა-მ უარი თქვა აქტ. საგარეო პოლიტიკაზე და მშვიდობიანობის დაცვის ღონისძიებებს ახორციელებდა. ა-ს გართულებული დამოკიდებულება ჰქონდა იბერიის (ქართლის) მეფე ფარსმან II-თან. ა-ს ბიოგრაფის ელიუს სპარტიანუსის ცნობით, გამეფებისთანავე ა-მ იმოგზაურა მცირე აზიაში და აქ თავისთან მიიწვია ვასალური და მოკავშირე სახელმწიფოთა გამგებელნი, მაგრამ იბერიის მეფე ფარსმანმა „ქედმაღლურად უარჰყო მისი მიწვევა“. იგივე ელიუს სპარტიანუსი წერს, რომ ა-ს არავისთვის გაუგზავნია ესოდენ უხვი საჩუქრები, როგორც ფარსმანისთვის, მაგრამ უკანასკნელი არა მარტო უარს ამბობდა იმპერატორთან ყოველგვარ კონტაქტზე, არამედ რომის წინააღმდეგ აშკარა მტრულ მოქნედებებსაც არ ერიდებოდა: ა-ს თანადროული ისტორიკოსისა და პოლიტ. მოღვაწის ფლავიუს არიანეს ცნობით, ფარსმანმა დაიქვემდებარა შავი ზღვის სამხრ.-აღმ. სანაპიროზე მდებარე ოლქი (დაახლ. მერმინდელი აჭარა), ე. ი. რომის სამფლობელოებში შეიჭრა; ისტორიკოსის დიონ კასიოსის გადმოცემით, 135 იბერიის მეფემ ჩრდ. კავკასიიდან ალანები გადმოიყვანა და რომის პროვინციას – კაპადოკიას შეუსია. ელიუს სპარტიანუსი მოგვითხრობს, რომ მიუხედავად ა-ს არაერთგზისი მიწვევისა, ფარსმანი მასთან რომში არ ჩასულა.

ლიტ.: დიონ კასიოსის (კოკეიანოსის) ცნობები საქართველოს შესახებ, ნ.ლომოურის გამოც., თბ., 1966; ფლავიუს არიანე, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, ნ. კეჭაღმაძის გამოც., თბ., 1961; Ломоури Н. Ю., Грузино-Римские взаимоотношения, Тб., 1981; Elius Spartianus, De vita hadriani, Ed. E. Holl, vol. 1, Lpz. 1955,

ნ. ლომოური