ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულება 1829, დაიდო რუსეთსა და ოსმალეთს შორის ადრიანოპოლში (ედირნე). 1829 წ. 2 (14) სექტ. ხელშეკრულებით დასრულდა 1828–29 რუს.-ოსმ. ომი. რუს. ხელში გადავიდა მდ. დუნაის შესართავი კუნძულებითურთ, შავი ზღვის აღმ. სანაპირო მდ. ყუბანის შესართავიდან აჭარის ჩრდ. საზღვრამდე (სოფ. შეკვეთილი), ანაპისა და ფოთის სიმაგრეებითურთ, ახალციხის საფაშოს ნაწილი (ახლანდ. ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენისა და ნინოწმინდის მუნიციპ-ები). ოსმალეთმა ცნო ქართლ-კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აგრეთვე ერევნისა და ნახჭევანის სახანოების რუსეთთან შეერთება. ოსმალეთს ევალებოდა გადაეხადა რუსეთისათვის კონტრიბუცია 1,5 მლნ. ჰოლანდ. გულდენის ოდენობით. ხელშეკრულებამ დაადასტურა რუსეთის ვაჭართა პრივილეგიები ოსმალეთის ტერიტორიაზე. რუსეთმა მოიპოვა დუნაიზე, შავ ზღვასა და სრუტეებში თავისუფალი ნაოსნობის უფლება. სულთანი კისრულობდა აკერმანის 1826 კონვენციის პირობების შესრულებას. ა. ს. ხ-მ დაამკვიდრა რუსეთი სამხრ. კავკასიაში, დააჩქარა ოსმალეთის ბატონობისაგან მოლდავეთის, ვლახეთის, სერბიისა და საბერძნეთის განთავისუფლება.