ავალიშვილი გიორგი ივანეს ძე (1769–1850, მოსკოვი), მწერალი, პოლიტ. მოღვაწე, მოგზაური.
სწავლა-განათლება რუსეთში მიიღო. 1784–1801 იყო ქართლ-კახეთის სამეფოს წარმომადგენელი რუს. იმპერატორის კარზე. აქტ. როლი ითამაშა რუსეთთან საქართველოს დაკავშირების საქმეში. 1791 იმოგზაურა ირანის აზერბაიჯანში. 1819–20 დიპლ. მისიით იყო ოსმალეთში, ეგვიპტესა და პალესტინაში.
ა-ს ქართ. დრამატურგიის მამამთავრად მიიჩნევენ (იხ. ავალიშვილის თეატრი). მას მიეწერება ორიგინ. დრამა „მეფე თეიმურაზი“ (1791), რ-საც ჩვენამდე არ მოუღწევია. ავტორია ლირ. ლექსებისა. შეადგინა ქართ. პოეზიის ანთოლოგია, რ-შიც თავი მოუყარა ძირითადად თავისი დროის პოეტების თხზულებებს. მეტად მნიშვნელოვანია ა-ის ღვაწლი მთარგმნელობით სფეროში. თარგმნა ერაზმ როტერდამელის, ვოლტერის, ჯ. მილტონის, მ. ლომონოსოვის, ა. სუმაროკოვის, გ. დერჟავინის, მ. ხერასკოვის, მ. ჟანლისის და იმ დროს ევროპასა და რუსეთში პოპულარული ფრანგი, გერმ. და სხვა ავტორების თხზულებები.
ა-ის სამოგზაურო დღიურები – „მგზავრობაჲ თბილისით იერუსალიმისადმი საბერძნეთსა ზედა; უკუქცევაჲ იერუსალიმით თბილისისადმივე კიპრის ჭალაკისა, მცირისა აზიისა და ანატოლიის ძალით“ მრავალმხრივ საინტერესო ნაშრომია. იგი განსაკუთრებით ძვირფასია ქართ. გეოგრ. აზროვნების ისტორიისათვის. მოგზაურობის მარშრუტი იყო თბილისი-დას.საქართველო-ყირიმი-კონსტანტინოპოლი-ალექსანდრია-კაირო-ერუსალიმი-კ.კვიპროსი-არსუსი-კაისერი-არზრუმი-ყარსი-შულავერი-თბილისი. ნაშრომში განხილულია საქართვ. და რუს. საგარეო პოლიტ. ზოგი საკითხი, ეგვ. და ოსმ. სოც. და პოლიტ. ცხოვრება, არაბებისა და თურქების ყოფა; მოცემულია საინტერესო ცნობები ეგვიპტეში მცხოვრები ქართველების შესახებ. ა. იშვიათი კალიგრაფიც იყო. წიგნს ერთვის ნახატები, რ-თა ავტორის ვინაობა დაუდგენელია.
თხზ.: მგზავრობა თბილისიდან იერუსალიმამდე, ე. მეტრეველის გამოც., თბ., 1967.
ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958; ლეონიძე გ., ქართული თეატრის ქრონიკები, «დროშა», 1925, № 25; რუხაძე ტ., ძველი ქართული თეატრი და დრამატურგია, თბ., 1949.
ე. მეტრეველი