ავგაროზ ბანდაისძე, XIV ს. მწიგნობარი, კალიგრაფი და მხატვარი.
მოღვაწეობდა ქსნის ერისთავების კარზე. გადაუწერია ლარგვისის მონასტრიდან ჩამოტანილი პარაკლიტონი (კ. კეკელიძის სახ. ხელნაწ. ინ-ტი, A-575) – კრებული, რ-იც შეიცავს კვირის ყოველი დღისათვის განკუთვნილ საეკლ. საგალობლებს.
ნაწერი ნუსხურია, გადაწერილია ლამაზად, გამოცდილი და დაჯერებული ხელით, ყავისფერი მელნით, ერთ სვეტად, ტექსტშივე ჩართული სინგურით გამოყვანილი მთავრული ასოებით. მასვე შეუსრულებია კამარები და მახარებელთა სურათები ქსნის ერისთავის ვირშელისთვის გიორგი თაბაურის მიერ გადაწერილ სახარებაში (კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი).
შ. მესხიას მოსაზრებით, ა. ბ-ის შედგენილი უნდა იყოს ქსნის საერისთავოს ცნობილი მატიანე „ძეგლი ერისთავთა“. მისი აზრით, ბროსეს არქივში აღმოჩენილი ორიგინალი ა. ბ-ის დაწერილია, მისივე შესრულებულია ვირშელ III-ის პორტრეტი ამ ხელნაწერში. ბანდას (ბანდაის ძეთა) გვარი, ეტყობა, ქსნის საერისთავოში კულტ. მოღვაწეთა დინასტიას წარმოადგენდა.
ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.