ავგაროზი, ქაღალდზე დაწერილი შელოცვა, სამკურნალო ხასიათის ლოცვა (შელოცვის, ლოცვის ფრაგმენტი).
ატარებდნენ მკერდზე ჩამოკიდებულს, სამკუთხედის ფორმის ხავერდის, ტყავის ნაჭერში გამოკრულს ან პატარა გრაგნილის სახით. დაკავშირებულია ქ. ედისის მთავარ ავგაროზ I-ის სახელთან. გადმოცემით, ავაგროზ I ქრისტეს დროს ცხოვრობდა. იგი უკურნებელი სენით, კეთრით, იყო დაავადებული. სასოწარკვეთილმა წერილი მისწერა ქრისტეს და დახმარება სთხოვა. ქრისტემ პასუხი გაუგზავნა. ავგაროზმა ქრისტეს წერილი უბეში ჩაიდო და სასწაულებრივ განიკურნა.
ავგაროზისა და ქრისტეს მიმოწერა პოპულარული იყო მთელ ქრისტიანულ სამყაროში. მას ავადმყოფობისაგან დამცველ სასწაულმოქმედ ძალას მიაწერდნენ. შუა საუკუნეების საქართველოში ა. წარმოადგენდა წიგნად აკინძულ ან გრძელ ქაღალდზე (ინახავდნენ გრაგნილის სახით) დაწერილ, ძირითადად ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის სამკურნალო ხასიათის ლოცვებს; მათ წინ უძღოდა ან ბოლოში ერთვოდა ქრისტესა და ავგაროზის მიმოწერა (მიმოწერის ფრაგმენტი). აპოკრიფის ორი ვერსია ქართულად თარგმნეს ექვთიმე მთაწმიდელმა (X ს. ბოლო – XI ს. დასაწყ.) და გიორგი მთაწმიდელმა (XI ს. II ნახ.).
ა-ებს ხალხში სასულიერო პირები ავრცელებდნენ.
ნ. მინდაძე