ავი სული

ავი სული, ავსული, ბოროტი ძალა, ზიანის მომტანი ძალა. უძველესი რელიგიური წარმოდგენების თანახმად, ისინი ყველგან არიან და შეუძლიათ ადამიანისათვის ზიანის – ავადმყოფობის, ხიფათის და სხვ. – მოტანა. უპირისპირდებიან კეთილ ძალებს, რ-ებიც იცავენ ადამიანს. საქართველოში სწამდათ, რომ არსებობდა ჭინკა, ალი, ქაჯი, მაჯლაჯუნა და სხვ., რ-თაც შეეძლოთ სხვადასხვა სახით ჩვენებოდნენ ადამიანს. უფრო მოგვიანებით, ირანული რელიგიის გავლენით, გავრცელდა შეხედულება ეშმაკის შესახებ. მან სათანადო ადგილი დაიჭირა ქრისტიანულ რელიგიაშიც. ავსულთაგან თავის დასაცავად ხალხი სათანადო რიტუალებს ასრულებდა, რ-თაგან განსაკუთრებით პოპულარულია ჭიაკოკონობა. მსოფლიოს დიდ რელიგიებში ა. ს-ები იქცნენ ბოროტების განყენებულ სიმბოლოდ: დიაბოლოსი, სატანა, ბელზებელი (ქრისტიანთა შორის), შაითანი, იბლისი (მუსლიმანებთან). რელიგიური ლიტ-რა მათ თვლის შერისხულ ანგელოზებად, რ-თაც არ ისურვეს დამორჩილებოდნენ ღვთის ნებას და განდევნილ იქნენ ცის სასუფევლიდან თავიანთ მომხრე ანგელოზებთან ერთად.

ირ. სურგულაძე