ავლაბრის სახალხო თეატრი, გაიხსნა 1902 წ. 10 ნოემბ. ზ. ანტონოვის პიესის „მე მინდა კნეინა გავხდე“ დადგმით ავლაბრის მურაშკოს თეატრის ბაზაზე. 1903 დასის ნაწილი გადავიდა ავლაბრის არაქსიანის თეატრში, ხოლო ნაწილი აგრძელებდა წარმოდგენებს (სპექტაკლებში დროდადრო მონაწილეობდნენ მსახიობები: ვ. აბაშიძე, ა. იმედაშვილი, ნ. გაბუნია, ვ. გუნია). 1919-იდან თეატრი მუშათა კლუბის შემადგენლობაშია; 1923 გადაკეთდა დრამწრედ (ხელმძღვ. გ. დარისპანიშვილი); 1928 წრემ მუშაობა შეწყვიტა.