ავლევი, სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. შუა ფრონის მარჯვ. ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა., კნოლევი, ცერონისი). ზ. დ. 750 მ, ქარელიდან 28 კმ, აგარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 15 კმ. 349 მცხ. (2014).
ა. ქართლის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. მოსახლ. აქ ადრინდ. ბრინჯაოს ხანიდან ცხოვრობს. პირველად იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.).
სოფლის შუაში, ძვ. სასაფლაოზე, დგას გვიანდ. შუა საუკ. ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია. ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. შენობის კუთხეები ამოყვანილია სუფთად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით, კარ-სარკმლის წირთხლები – რუხი ფერის ბაზალტით, დაზიანებული ნაწილები მოგვიანებით აღდგენილია აგურით. ეკლესიაზე დას-იდან მიშენებულია ორსართულიანი სამრეკლო. სოფლის განაპირას, აღმ-ით, სასაფლაოზე წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესიაა, რ-იც 1837 თავად იოანე როსტომის ძე ამირეჯიბს აუშენებია ძვ. ეკლესიის ადგილზე.
ჯ. გვასალია