ავნევი

ავნევი, სოფელი თიღვის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი), აღმოსავლეთის ფრონის ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა., არკნეთი, დიდმუხა, ზემო დვანი, მუგუთი, ნული, სამწყარო, უბიათი, ფრინევი, ქვემო სამწყარო, ქვემო ღვერთევი, ღვერთეთი, შუა სამწყარო, ჩიმასი, ჭორბაული). ზ. დ. 820 მ, ქარელიდან 22 კმ.

სოფლის ტერიტორიაზე მიკვლეულია სამოსახლო გორა. იგი შეიცავს შუა ბრინჯაოს, ანტ. და ფეოდ. ხანის ფენებს, რაც მოწმობს, რომ აქ ადამიანს უწყვეტად უცხოვრია 5 ათ. წლის განმავლობაში. ფეოდ. ხანაში ადმინისტრაციულად დვანისწყლის ხეობაში (ახლანდ. ყორნისის ხეობა) შედიოდა და XVI ს-იდან ზემო ქართლის სადროშოს ექვემდებარებოდა. XVIII ს-ში სოფელი არაერთხელ აუოხრებიათ ოსმალებს და ლეკ მოთარეშეებს. აღმ. საქართვ. რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1801) შემდეგ გორის მაზრაში იყო და იქ ქართველების 34 კომლი ცხოვრობდა, 1926 შედიოდა ცხინვალის რ-ნის წუნარის სოფსაბჭოში და 623 მცხ. ითვლიდა.

სოფელში შემორჩენილია შუა საუკ. ღვთისმშობლის ეკლესია. გეგმით ჯვრის ფორმის, ქვითკირით ნაგები ეკლესია თლილი ქვით არის მოპირკეთებული. გუმბათი დაბალია. დას. მხრიდან მიდგმულ კარიბჭეში ჩაშენებულ ბარელიეფიან ქვაზე გამოსახულია ნათლისღება. სამხრ. კართან ჩაშენებულ მეორე ქვაზე – მამაკაცი ხელში ჯვრით, მარცხნივ – ადამიანის მკლავი ჯვრით და ფოთლოვანი ტოტით. ორივე ბარელიეფი ერთი სტილისაა, ერთი ოსტატის გაკეთებულია და ჩაშენებული უნდა იყოს ეკლესიის შეკეთების დროს – XVIII–XIX სს. მიჯნაზე. ეკლესიის ირგვლივ მრავალი სამლოცველო და ნიშია. შუა სოფელში შემონახულია რიყის ქვით ნაგები გვიანდ. შუა საუკ. ციხე-გალავანი, რ-ის ოთხივე კუთხეში სამსართულიანი თითო მრგვალი კოშკია ჩართული. ციხე-გალავანი ლეკიანობის დროს მოსახლ. სახიზარი იყო.

ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ლიტ.: გოგოლაძე ვ., სოფელი ავნევი, ცხინვ., 1967; მაკალათია ს., ფრონის ხეობა, თბ., 1963; მუსხელიშვილი დ., ცქიტიშვილი გ., შიდა ქართლის 1955 წ. დაზვერვითი ექსპედიციის შედეგები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1960, [ტ.] 1.

ჯ. გვასალია