ავრელი აქოლისი, ძვ. მცხეთის ხუროთმოძღვარი და მხატვართუხუცესი. მოხსენიებულია სამთავროს სამაროვანზე ნაპოვნ (1939) ბერძნ. ეპიტაფიაში (IV ს.). ტერმინი „არქიზოგრაფოსი“ (მხატვართუხუცესი) ბერძნ. და ბიზანტ. ძეგლებში XII ს-მდე არ გვხვდება. იგი ადგილ. საჭიროებისათვის საგანგებოდაა შექმნილი მცხეთელი თანამდებობის პირის – მხატვართუხუცესის გამოსახატავად. IV ს-ში ამგვარი თანამდებობის არსებობა იმდროინდელი საქართველოს მხატვრული და ხუროთმოძღვრული კულტ. განვითარების მაღალ დონეს მოწმობს.
ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; ყაუხჩიშვილი ს., მცხეთა-სამთავროს ახლად აღმოჩენილი ბერძნული წარწერა, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე», 1943, ტ. 4, № 6.