ავსაჯანიშვილი გიორგი შალვას ძე

ავსაჯანიშვილი გიორგი შალვას ძე (დ. 2. VIII. 1936, თბილისი), მხატვარ-არქიტექტორი, საქართველოს დამს. არქიტექტორი (1987). 1961 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის არქიტ. ფაკ-ტი. 1961–2000 მუშაობდა „საქქალაქმშენსახპროექტში“ პროექტის მთ. არქიტექტორად, 2002-იდან დღემდე ეწევა პედ. მოღვაწეობას თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში.

განხორციელებული პროექტები: საკავშ. მნიშვნელობის სანატორიუმი „მესაზღვრე“ ქ. გაგრაში (არქიტ. ლ. სტეპანოვასთან ერთად, 1964); ბაკურიანის გენ. გეგმა (სხვებთან ერთად, 1965); სანატორიუმი „გეოლოგი“ ქ. წყალტუბოში (არქიტ. ვ. კედიასთან ერთად, 1967); თბილისის ბალნეოლ. კურორტის რეკონსტრუქცია (1972); პიონერთა ბანაკი დაბა ბაკურიანში (1976); ცხინვალის მთავრობის ადმ. შენობა (არქიტ. თ. ჩოგოვაძესთან ერთად, 1982, კოსტა ხეთაგუროვის სახ. პრემია, 1983); თბილისის „ბორჯომის რკინიგზის სადგური“ (არქიტ. ნ. ლაპიაშვილთან ერთად, 1983, მინისტრთა საბჭოს საკავშ. პრემია), დაბა ყაზბეგის გენ. გეგმა (1987). ა-ის ესკიზების მიხედვით შექმნილია საქართვ. სახელმწ. ორდენები და მედლები (მხატვარ ე. ბურჯანაძესთან ერთად). საქართვ. მოსამართლის მანტია (1998), იღებდა მონაწილეობას სსრ კავშირისა და საქართვ. ექსპოზიციების გაფორმებებში მსოფლიოს სხვადასხვა გამოფენაზე (იზმირი, დამასკო, ბარსელონა, პლოვდივი, ბუქარესტი, მონრეალი და სხვ.). იგი არის საერთაშ. კალიგრაფისტთა ასოციაციის საპატიო წევრი (2012); მრავალი წიგნის მხატვარ-ილუსტრატორი. ჰელსინკიში ბუნების დაცვის საერთაშ. კონგრესზე მოწყობილ პლაკატის გამოფენაზე მისმა ნამუშევარმა მიიღო პირველი პრიზი (1984).

ა. 1983 მოსკოვის დიდი თეატრის გაფორმებისათვის საკავშ. საზ-ბა „ცოდნამ“ დააჯილდოვა ოქროს მედლით; 2017 საქართვ. არქიტექტორთა კავშირმა მიანიჭა „არქიტექტურის რაინდის“ ტიტული.