ავტოპორტრეტი, მხატვრის მიერ შექმნილი საკუთარი პორტრეტი (ჩვეულებრივ სარკის მეშვეობით). ა-ში მხატვარი იძლევა თავისი პიროვნების, შემოქმედებითი პრინციპებისა და მსოფლმხედველობის შეფასებას. ა-ის შექმნა ჯერ კიდევ ანტ. ხანაში დაიწყო (ფიდია). რენესანსის ხანის მხატვრებს (მაზაჩო, დომენიკო გირლანდაიო და სხვ.) რელიგ. სიუჟეტურ კომპოზიციებში შეჰქონდათ თავისი გამოსახულება. ა., როგორც პორტრეტული ჟანრის სახესხვაობა, XVI ს-ში ჩამოყალიბდა. მხატვრის პიროვნების საზ. მნიშვნელობის ზრდაზე მეტყველებს აღორძინების ეპოქის დიდი მხატვრების (ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი, პიერო დელა ფრანჩესკა, ტიციანი. დიურერი, რუბენსი, ველასკესი და სხვ.) ა-ები. შემოქმედსა და გარემოს შორის არსებული დრამ. წინააღმდეგობა გამოიხატა რემბრანდტის ა-ებში. ადამიანის სულიერი სამყაროს რაციონალისტურ საწყისებს ავლენდნენ, რომანტიკოსები (ჟერიკო, დელაკრუა, ბრიულოვი) კი ხაზს უსვამდნენ მის ემოციურ მხარეს. მხატვრის შინაგანი სამყარო დიდი ექპრესიულობით გამოიხატა ვან-გოგის ა-ში.
შუა საუკ. ქართ. ხელოვნებაში იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება მხატვრის გამოსახულება (ოშკის ტაძრის რელიეფი გრიგოლ ოშკელის გამოსახულებითურთ, მამუკა თავაქარაშვილის მინიატიურა მხატვრის გამოსახულებითურთ). პირველი ქართ. ა. ეკუთვნის გ. მაისურაძეს. საინტერესოა გ. გაბაშვილის მიერ შექმნილი ა., სადაც ზუსტადაა დახასიათებული მხატვრის პიროვნება. შ. ქიქოძისა და დ. გურამიშვილის ა-ებში გადმოცემულია მხატვრის შინაგანი სამყარო, შემოქმედებითი ხედვა, დასმული და გადაწყვეტილია ფერწერული პრობლემები. თავისებური ხელწერით გამოირჩევა ლ. გუდიაშვილის, ფ. ვარლამიშვილის, კ. სანაძის, ა. შერვაშიძის, მ. ბილანიშვილის, ე. ბაღდავაძის ა-ები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს დ. კაკაბაძის მიერ შექმნილი ფსიქოლ. ა-ების სერია, რ-შიც ავტორმა მაღალმხატვრულ დონეზე, ზუსტად ასახა საკუთარი შემოქმედებითი პრინციპი და მსოფლმხედველობა. თანამედროვე ქართვ. მხატვართაგან შექმნეს ნ. იანქოშვილმა, ლ. ცუცქირიძემ. გ. გელოვანმა, გ. ეძგვერაძემ, ო. დურმიშიძემ, მ. ბობოხიძემ, ვ. გათენაშვილმა და სხვ.
ილუსტრაცია – იხ. ჩანართი, გვ. 64.