ავჩიანი სურენ გიორგის ძე (24. VII. 1904, თბილისი, – 1984, იქვე), სომეხი მწერალი, მთარგმნელი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1964). სწავლობდა თბილ. ნერსესის სემინარიაში (1916 – 20). პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1923; ავტორია პიესებისა: „სოსი და ვარდითერი“ (1946), „ქოროღლი“ (1948), „საიათნოვა“ (1950), „პელპუღი“ (1956), კრებულისა „ლექსები“ (1959); მას ეკუთვნის აგრეთვე ნაშრომები „ხელოვნება და ხელოსნობა“ (1930), „ქართულ-სომხური თეატრალური ურთიერთობანი“ (1960). სომხურიდან ქართულად თარგმნა ო. თუმანიანის „დავით სასუნცი“ (1939), ა. შირვანზადეს „ქაოსი“ (1950) და სხვ.; ქართულიდან სომხურად – ნ. ბარათაშვილის ლექსები და „ბედი ქართლისა“ (1946), კ. გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ (1961) და სხვ.