აკვარელი (ფრანგ. aquarelle <იტალ. acquerello < ლათ. aqua - წყალი), წყალში გასახსნელი საღებავი, რ-საც ჩვეულებრივ მცენარეულ წებოსაც ურევენ.
ასეთი საღებავით დახატული სურათი. გაუმჭვირვალე ა. (თეთრაშერეული – გუაში) ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძვ. ეგვიპტეში, ანტ. სამყაროში, შუა საუკ. ევროპასა და აზიაში, წმინდა (თეთრაშეურეველი) ა-ის ფართო გამოყენება იწყება XV ს-იდან. მისი ძირითადი თვისება – გამჭვირვალობა და ფერის სიწმინდე მხატვარს საშუალებას აძლევს გაითვალისწინოს მასალის (უმთავრესად ქაღალდი, ზოგჯერ აბრეშუმი ან სპილოს ძვალი) ტონი და ფაქტურა, რის წყალობითაც კოლორიტი განსაკუთრებულ სიმსუბუქესა და სინაზეს იძენს. ა-ში შერწყმულია ფერწერის (ტონის მრავალფეროვნება, ფორმისა და სივრცის ფერით გამოსახვა) და გრაფიკის (გამოსახულების შექმნის დროს ქაღალდის აქტ. როლი) თავისებურებანი. ა. შეიძლება იყოს მონოქრომული: სეპია (ყავისფერი საღებავი), ბისტრი, „შავი ა.“, ტუში. დროთა განმავლობაში ა-ით ფერწერამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ა-ით მუშაობდნენ ჰოლანდ. და ფლამანდ. მხატვრები. XVIII ს-ში ინგლისში, საფრანგეთში, რუსეთში გაჩნდნენ პროფესიონალი აკვარელისტები.
საქართველოში ა-ით ხატვას XIX ს. II ნახევარში ჩაეყარა საფუძველი. ქართვ. მხატვრებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია გ. გაბაშვილის ა-ის ტექნიკით შესრულებული სურათები („ტივებზე“, 1902, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი, თბილისი; „სამი გენერალი“, 1910, თბილ. სამხატვრო აკადემია). ა-ის შერეულ ტექნიკას ხშირად მიმართავდა თ. აბაკელია „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები, 1936, ხელნაწერთა ინ-ტი, თბილისი; „ბედნიერი ოჯახი“, 1936, საქართვ. ხელოვნების მუზეუმი. თბილისი; ვაჟა-ფშაველას პოემის „სტუმარ-მასპინძლის“ ილუსტრაციები, 1947, საქართვ. სურათების გალერეა, თბილისი), ლ. გუდიაშვილი („ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები, 1935, საქართვ. სურათების გალერეა, თბილისი), ჰ. ჰრინევსკი (ი. ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულის ილუსტრაციები, 1914). განსაკუთრებით აღსანიშნავია ფერმწერ-აკვარელისტის ვ. ჯაფარიძის შემოქმედება. მხატვარმა შეძლო ამ ტექ. ყველაზე მნიშვნელოვანი და დამახასიათებელი თვისებების (ფერის სისუფთავე, გამჭვირვალობა, ჰაერის გრადაციები) გადმოცემა: „ბარათაშვილის აღმართი“ (1937, თბილისი, ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმი), „ომალო“ (1966), „სვანეთის დილა“ (1973 ორივე საქართვ. სურათების გალერეა, თბილისი), „გაზაფხული ჩვენს ეზოში“ (1967, მხატვრის კუთვნილება) და სხვ. ამ დარგში წარმატებით მუშაობდნენ ს. მაისაშვილი („სვანეთი“, 1957, საქართვ. სურათების გალერეა, თბილისი; „ელდარი. კაკბები“, 1968; ავტორის კუთვნილება), ი. შარლემანი („ბაგრატიონი ბოროდინოს ველზე“, 1945, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი, თბილისი), ი. გაბაშვილი (ვაჟა-ფშაველას „სათაგური“, 1956, თბილისი). ა-ის შესანიშნავი სერია შექმნა დ. კაკაბაძემ („კიკეთი“, „ძველი თბილისი“, „კოჯორი“, „გორის ციხე“, ყველა 1944, და სხვ.). კიდევ უფრო ინტენსიურად მუშაობდნენ ამ დარგში ქართვ. მხატვრები XX ს-ის 70 – 80-იან წლებში (ა. ბანძელაძე, ზ. ფორჩხიძე, შ. ცხადაძე, ე. თულაშვილი, ი. თუმანიშვილი. ა. ინაშვილი, ა. კალანდარიშვილი, ლ. მაღალაშვილი და სხვ.). 1988 თბილისში მოეწყო რესპ. გამოფენა „აკვარელი 88“.