ათანასე თბილელი (ამილახვრისშვილი) (დაახლ. 1705, თბილისი, – 9. VI. 1774, მოსკოვი), საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, მწიგნობარი. მოსკ. ქართ. ახალშენის ერთ-ერთი მეთაური.
დაიბადა თავად ავთანდილ ამილახვრის ოჯახში. მოღვაწეობა დაიწყო შიომღვიმის მონასტერში. ძმასთან, დიპლომატ ვახტანგთან ერთად რუსეთში გაჰყვა ვახტანგ VI-ის ამალას. იქვე აკურთხეს იღუმენად. 1734 სამშობლოში დაბრუნდა. 1740 რუისის მიტროპოლიტი გახდა, იმავე წლის ივლისიდან – თბილ. მიტროპოლიტი (თბილელი). მის დროს ეკონომიკურად და კულტურულად დაწინაურდა სამწყსო, ამაღლდა სიონის ტაძრის ავტორიტეტი, აჭარელი მარკოზის მიერ გადანუსხული XV ს. კრებული იესე ბარათაშვილს გადააწერინა, 1748 გადანუსხა წმიდანთა ცხოვრება. ერეკლე II-მ ა. თ-ს დაავალა აბდულა-ბეგთან მოლაპარაკება, რ-იც მეფეს ქართლის სამეფო ტახტს ეცილებოდა. შემდეგ 1752, თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ მას რუსეთში წასვლა და საიმპერატორო კართან მოლაპარაკება დაავალეს. კახეთის სამეფოდან ს. მაყაშვილიც გააყოლეს. თავისი დიპლ. ნიჭით ა. თ-მა შეძლო დაეინტერესებინა რუს. სამეფო კარი ქართლ-კახეთის სამეფოთი. დიპლომ. მოღვაწეობის დროს იგი მოსკ. ტაძრებში ღვთისმსახურებას ეწეოდა. შემდგომში მან ავადმყოფობა მოიმიზეზა, დარჩა მოსკოვში და სათავეში ჩაუდგა მოსკოველ ქართველთა იდეურ ცხოვრებას. იგი სინოდის შტატშიც ჩაირიცხა. ალექსანდრე ბაქარის ძისა და სხვათა ხელშეწყობით ა. თ-მა მოსკოვში კულტ. მოღვაწეობა გააფართოვა. შექმნა მეორე დამოუკიდებელი ქართ. სტამბა ჯვართამაღლების მონასტერში (1762), დიდი ტირაჟით გამოსცა დავითნი (1764, 1768), „სადღესასწაულო“ და სხვა წიგნები, რ-ებიც საქართვ. ეკლესიებში სახმარებლად გამოგზავნა. ა. თ-მა ბევრი იღვაწა საქართვ. საეკლ.-კულტ. ცხოვრების ასამაღლებლად, თავისი ქონების ნახევარი ქართლ-კახეთის მეფეს უანდერძა, მეორე ნახევარი კი იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერს, ქრისტეს საფლავის საყდარს.
ლიტ.: ბერძენიშვილი მ., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, წგ. [1 – 2], თბ., 1983; გუგუშვილი პ., ქართული წიგნი. 1629 –1929, თბ., 1929; სიხარულიძე ფ., ათანასე თბილელის გამომცემლობა მოსკოვში, «მეცნიერება და ტექნიკა», 1979, №10; ცინცაძე ი., ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობა რუსეთში (1752 – 1754), «საისტორიო მოამბე», 1952, [ტ.] 6.
ფ. სიხარულიძე