ერქომაიშვილი ანზორ დავითის ძე (10. VIII. 1940, ბათუმი, - 31. III. 2021, თბილისი), მომღერალი, საგუნდო დირიჟორი, ლოტბარი, ხალხური სიმღერების შემკრები, პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1980).
დაიბადა ტრად. მუს. ოჯახში. სიმღერა ბაბუამ შეასწავლა. 7 წლისამ ხალხ. სიმღერების რესპ. ოლიმპიადაზე (თბილისი) I ხარისხის დიპლომი მოიპოვა. 1969 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვ. საგუნდო-სადირიჟორო ფაკ-ტი (ვ. ფალიაშვილის კლასი), 1976 – ასპირანტურა ხალხ. მუს. შემოქმედების სპეციალობით (ხელმძღვ. – შ. ასლანიშვილი). სტუდენტობის წლებში მოღვაწეობდა ვოკალურ ანსამბლ „გორდელაში”, რ-ის შექმნის (1961) ერთ-ერთი ინიციატორი თავად იყო. 1969–71 მუშაობდა საქართვ. რადიოსა და ტელევიზიის მუს. რედაქტორად.
1968 ჩამოაყალიბა სახელმწ. აკადემიური ანსამბლი „რუსთავი”. ე-მა 1983–96 კი უცხ. ფირმებისათვის ჩაწერა 300-ზე მეტი ქართ. ხალხ. სიმღერა, რ-ებიც კომპაქტური დისკების სახით ვრცელდება მთელ მსოფლიოში. 1978 ჩამოაყალიბა ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი „მართვე”. 1994 ანსამბლის ბაზაზე შეიქმნა მოსწავლეთა სასახლე.
აღსანიშნავია ე-ის, როგორც ხალხ. მუსიკის შემკრების, დამსახურება. მან 1972-იდან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის არქივში (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, კრასნოგორსკი, რიგა, თბილისი) მიაკვლია 500-ზე მეტ ქართ. ხალხ. სიმღერის ჩანაწერებს, შესრულებულს 1907-იდან 1930 წლამდე. მათი რესტავრაციის შემდეგ ფირმა „მელოდიაში” გამოსცა 5 ფირფიტა გამოკვლევებითურთ.
1992 ლონდონის მუს. არქივში მიაკვლია 1902–14 ინგლ. ფირმების მიერ გრამფირფიტებზე ჩაწერილ 127 ქართ. ხალხ. სიმღერას. აქვე აღმოაჩინა ვ. სარაჯიშვილის ჩანაწერების მატრიცები (დედნები), რ-თა მეშვეობითაც (ნ. ანდღულაძის მონაწილეობით) მოხერხდა მომღერლის პირვანდელი სრულყოფილი ხმის აღდგენა. 1985–89 ე-მა მოიწვია საქართვ. სხვადასხვა კუთხის ცნობილი მომღერლები და ფირმა „მელოდიაში” ჩაწერა 100-ზე მეტი ქართ. ხალხ. სიმღერა. ფირებზე ჩაწერილია როგორც ყველა ხმა ერთად, ისე თითოეული ცალკ-ცალკე, სადაც ნათლად ჩანს თითოეული მომღერლის საშემსრულებლო მანერა. ე-მა აღადგინა, გამოსცა და მომავალ თაობებს გააცნო ვ. სარაჯიშვილის, ა. ინაშვილის, ნ. ქუმსიაშვილის, ა. კავსაძის, ვ. სიმონიშვილის, ა. მეგრელიძის, ნ. ხურციას, კ. პაჭკორიას, მ. ე. თარხნიშვილის, ა. ერქომაიშვილის, ვ. მჭედლიშვილისა და სხვა ცნობილ მომღერალთა ხელოვნება. მანვე მოიძია ა. წერეთლის აუდიოჩანაწერები.
ე. ავტორია წიგნებისა: „ბაბუა” (1980; ეძღვნება არტემ ერქომაიშვილის ცხოვრებას), „შავი შაშვი ჩიოდა” (1989), „ძველი სიმღერების კვალდაკვალ” (1979). მუსიკალურად გააფორმა ოცამდე კინოფილმი და სპეკტაკლი.
2001 ე-ის ინიციატივით და იუნესკოს ხელშეწყობით ჩამოყალიბდა ქართ. ხალხ. სიმღერის საერთაშ. ცენტრი. ამავე წელს მან წარადგინა ქართ. ხალხ. სიმღერა იუნესკოში. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული იუნესკოს მიერ ქართ. ხალხ. სიმღერის არამატერიალური კულტ. მემკვიდრეობის ძეგლად აღიარება. მისივე თაოსნობით მომზადდა და გამოიცა (2006) XX საუკუნის ანთოლოგიის (1901–2001), ერთი ნაწილი (1901–1914), რ-შიც შედის ქართ. ხალხ. სიმღერებისა და საშემსრ. ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები.
ე. არის რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის (1988), საქართვ. სახელმწ. (1996), ზ. ფალიაშვილისა (1981) და ი. გოგებაშვილის სახ. (1993), აგრეთვე ალბერტ შვაიცერის სახ. საერთაშ. პრემიების (ანსამბლ „რუსთავთან” ერთად, 1983), სტუდენტთა და ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალის (1968; ანსამბლ „გორდელასთან” ერთად) ლაურეატი.
დაჯილდოებულია ღირსებისა (1998) და ბრწყინვალების (2020) ორდენებით.
2021 წლის 8 აპრილიდან ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს მისი სახელი მიენიჭა.
დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
თხზ.: ქართული ხალხური სიმღერების კრებული, თბ., 1980; ქართული ფონოჩანაწერები უცხოეთში, თბ., 2007; მივალ გურიაში, მარა, თბ., 2006; გზები, ადამიანები, სიმღერები, თბ., 2011; ქართული სიმღერის მოამაგენი – გური და ტრისტან სიხარულიძეები, თბ., 2013; პირველი ქართული ფონოჩანაწერები ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივებიდან, თბ., 2022; Сборник грузинских народных песен, М., 1972.