ალაზან-იალოილუთეფეს კულტურა, იალოილუთეფეს კულტურა, ძვ. წ. I ათასწლ. დასასრულისა და ახ. წ. I ს. არქეოლოგიური კულტურა.
გავრცელებული იყო თანამედროვე აზერბ. რესპ. ჩრდ.-დას. და საქართვ. რესპ. აღმ. ნაწილში, მდ-ების ალაზნისა და ივრის შუა- და ქვემოწელზე. ამ კულტურის პირველი ძეგლი გათხარა დ. შარიფოვმა 1926 იალოილუთეფეზე (ათარანის ველი, აზერბ. რესპ.). 1937 გ. ნიორაძემ ალაზნის ველზე, სოფ. არხილოსკალოს მიდამოებში შეისწავლა აღნიშნული სამაროვანი და ამ კულტურას ალაზნის ველის კულტურა უწოდა. არქეოლ. კვლევამ ცხადყო, რომ ეს კულტურები ერთი მთლიანი მოვლენაა და დამახასიათებელია ცენტრ. და ადმ. ამიერკავკასიისათვის.
ა.-ი. კ. შესწავლილია ძირითადად სამარხეული მასალით. სამარხები წარმოადგენს 0,7 – 1,5 მ სიღრმის ოვალურ ორმოებს, რ-ებშიც ესვენა ნივთებშემოწყობილი და ხელფეხმოკეცილი (იშვიათად გაშოტილი) მიცვალებულები. ალაზნის ველზე (მუკუზანი, დედოფლისწყარო და სხვ.), გარდა ორმოსამარხებისა, ნაპოვნია ქვევრსამარხებიც. მოპოვებულია სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის მოწითალო და ლეგამონაცრისფერო თიხის ჭურჭელი, რკინის სამეურნეო და საბრძოლო იარაღი (ბარები, ვაზის სასხლავი დანები და სხვ.), მინის, ბრინჯაოს, რკინის, ძვლის, სარდიონის, ტოპაზისა და სხვ. მასალის სამკაული. თიხის ნაკეთობა გამოირჩევა ფორმის მრავალფეროვნებითა და დამზადების მაღალი ხელოვნებით. როგორც ჩანს, ა.-ი. კ-ის მატარებელი ტომები მისდევდნენ მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, განსაკუთრებით კი – მებაღეობა-მევენახეობას. I ს-იდან ა.-ი. კ-მ თანდათან დაკარგა თავისი სახე და მალე გაქრა.
ა.-ი. კ-ის შესწავლა ხელს უწყობს კავკ. ორი უძველესი სახელმწიფოს – იბერიისა და ალბანეთის ურთიერთობის ისტ. გაშუქებას.
ლიტ.: ნიორაძე გ., ალაზნის ველის გათხრები, თბ., 1940; საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959; Иессен А. А., Культура Ялойлу – Тапа в Закавказьи, 1929 (Гос. Академия истории материальной культуры, сб. 1; Исмизаде О. Ш., Ялойлутелинская култура, Баку, 1956.
რ. რამიშვილი