ვაშაყმაძე ჯულიეტა დანიელის ასული

ჯ. ვაშაყმაძე

ვაშაყმაძე ჯულიეტა დანიელის ასული (14. VIII. 1933, თბილისი — 27. XII. 2020, იქვე), ტელეჟურნალისტი. საქართვ. დამს. არტისტი (1967), ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერაცია) წევრი (1991). დაამთავრა სპი-ის სამშენებლო ფაკ-ტი არქიტ. სპეციალობით (1958), აგრეთვე, - თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (1960). ორი სეზონის განმავლობაში (1961–62) იყო კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრის მსახიობი, სადაც რამდენიმე როლი განასახიერა. ვ. გადაღებულია კინოფილმებში: „ყვავილი თოვლზე”, „თოჯინები იცინიან”, „პაპა გიგია”, „არაჩვეულებრივი გამოფენა” და ტელეფილმში – „მზე ჭიქაში”. 1958-იდან ვ. ტელევიზიის დიქტორი გახდა, შემდგომში – კომენტატორი, პროგრამების ხელმძღვანელი, საინფორმაციო-პოლიტ., ლიტ., სამეცნ., საბავშვო, თეატრ.,  ხელოვნების ამა თუ იმ დარგისადმი მიძღვნილ გადაცემათა წამყვანი, ტელეგადაცემების ავტორი („რედაქციაში წერილი მოვიდა”, „ცარიელ დარბაზში”, „სპექტაკლის შემდეგ”, „თეატრალური ფოსტა“, „სტუდია-5”, „ჩვენი მისამართია”). -ს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, სიგელი და მედალი.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996).

2013 მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, გაიხსნა მისი სახელობითი ვარსკვლავი.