აბასთუმანი, დაბა (1926-იდან) ადიგენის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ოცხის (აბასთუმნისწყლის) ხეობაში, ზ. დ. 1340 მ, თბილისიდან 210 კმ, ახალციხიდან 28 კმ (უახლოესი რკინიგზის სადგური), ადიგენიდან 24 კმ 937 მცხ. (2014).
ა. სამთო-კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ჰავა ზომიერად ნოტიოა. იცის ხანგრძლივი ცივი, თოვლიანი ზამთარი (იანვრ. საშ. ტემპ-რა –5,4°C) და თბილი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 17,3°C). ნალექები – 620 მმ წელიწადში, ფარდობითი სინოტივე ზაფხულში 48%-ს არ აღემატება. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 1967 სთ. ა. და მისი მიმდებარე მთის მასივები დაფარულია წიწვოვანი ტყით, უპირატესად ფიჭვნარით. ამის გამო დაბაში ჰაერი ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღია.
ა-ის ძირითადი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია კლიმატი, რასაც წარმატებით იყენებენ ფილტვების პათოლოგიების რეაბილიტაციისათვის.
უძველესი დროიდან ცნობილი და საყოველთაოდ აღიარებულია ა-ის თერმული მინერალური წყლის სამკურნალო თვისებები.
თერმული წყალი ქიმიური შედგენილობით განეკუთვნება სულფატურ-ქლორიდული და კალციუმ-ნატრიუმიანი წყლების ჯგუფს, რ-იც შედგება სამი წყაროსაგან („გოლიათი“, „გველი“ და „სურავანდი“). დღ-ღ დებიტი 1 მლნ. ლ აღწევს. წყლის ტემპერატურაა 39-48°.
სამკურნ. მინერ. წყალს იყენებენ საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის დაავადების, საშარდე და სასქესო ორგანოების სამკურნალოდ.
ა-ში საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით დააფუძნა სარეაბილიტაციო „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ (შპს), რ-იც აღჭურვილია უახლესი სამედ. აპარატურით. მიმდინარეობს საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა. ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, ასევე ძვ. ისტ. შენობების რეაბილიტაცია (მ. შ. რომანოვების სასახლის) და ახალი კომპლექსური სასტუმროების მშენებლობა.
ა-ის მახლობლად, მთა ყანობილზე (ზ.დ. 1650 მ ) ფუნქციონირებს ე. ხარაძის სახ. საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, რ-იც დაარსდა 1932.
არსებობს მოსაზრება, რომ IX–X სს. ქართ. ისტ. წყაროებში მოხსენიებული ციხე-ქალაქი „ოძრახე“ („ოძრხე“) დღევანდელი ა-ის ტერიტ-ზე მდებარეობდა. ისტორიკოსი, გეოგრაფი და კარტოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი ადასტურებს, რომ ა-ის ადგილას XIV ს-ში ყოფილა მჭიდროდ დასახლებული ქალაქი „ოძრხე“, სადაც იყო სახელგანთქმული სამკურნალო თერმ. წყალი. გვიანდ. შუა საუკუნეებში დამკვიდრდა სახელწოდება „ოცხე“ („ოძრხეს“ სახენაცვალი ფორმა). დაბას აბასთუმანი XIX ს-იდან ეწოდა, სავარაუდოდ, მეზობლად მდებარე სოფლის სახელის მიხედვით.
ქ. ოძრახესაგან, ძვ. ციხეთა ნანგრევების გარდა. დღემდე არაფერს მოუღწევია. ერთი ციხე სოფ. ვარხანთანაა, მეორე – „თამარის ციხე“ – ა-ში, მდ. ოცხის მარჯვ. ნაპირის, ტყიან მთაზეა. ქვემო ა-ში, მდინარის მარცხ. ნაპირზე უგუმბათო ეკლესიაა, რ-საც, მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, ძვ. ნაწილიც შერჩენილი აქვს – დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი და ჩუქურთმიანი არშიებით შემკული სარკმელები დას. ფასადზე (სავარაუდოდ XIV ს.). მდ. ოცხეზე შემორჩენილია XII–XIII სს. ისტორიული ხიდი.
დაბის ცენტრში დგას ეკლესია, რ-იც რუსეთის სამეფო ოჯახის წევრის გ. რომანოვის სურვილითაა აგებული (1899 –1904, არქიტ. ო. სიმონსონი). გ. რომანოვი დაავადებული იყო ფილტვის ტუბერკულოზით, რის გამოც პეტერბურგიდან ა-ში გადმოვიდა საცხოვრებლად. მანვე შეაკეთებინა ზარზმის მონასტრის ძვ. ტაძარი, რ-ის სილამაზითაც მოხიბლულა. ამიტომ ა-ის ახ. ეკლესია თითქოს ძვ. ზარზმის მიხედვითაა აშენებული (მას ახალ ზარზმას უწოდებენ). ეკლესია მოხატა ცნობილმა რუსმა მხატვარმა მ. ნესტეროვმა (1902–1904).
ც. ვაშაკიძე