აბაშელი (ნამდვ. გვარი ჩოჩია) ალექსანდრე (ისაკ) ბესარიონის ძე [15 (27). VIII. 1884, სოფ. საჩოჩიო, ახლანდ. აბაშისპირი, აბაშის მუნიციპალიტეტი, – 27. IX. 1954, თბილისი], პოეტი. აბაშის ხუთკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთ. საქალაქო სასწავლებელში, მაგრამ უსახსრობის გამო მალე მიატოვა და ფოსტის მოხელედ დაიწყო მუშაობა. 1904 ს.-დ. მუშათა პარტიის წევრი გახდა. რევ. მოძრაობაში მონაწილეობისათვის 1906 დააპატიმრეს და გადაასახლეს. გადასახლებიდან 1909 წელს დაბრუნდა. ამის შემდეგ მუშაობდა თბილისში „კავკაზისა“ და „ნოვაია რეჩის“ რედაქციაში; აქვე გამოაქვეყნა პირველი ლექსები რუს. ენაზე აბაშისპირელის ფსევდონიმით. პირველი ლექსი ქართ. ენაზე („შავი აჩრდილი“) 1910 დაიბეჭდა ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (Nº 28). 1913 – 14 ლექციებს ისმენდა ა. შანიავსკის სახ. მოსკ. საქალაქო უნ-ტის ისტ.-ფილოს. ფაკ-ტზე. 1921–22 დააარსა ჟურნ. „ხომალდი“, რ-საც თვითონვე რედაქტორობდა.
ა-ის ლექსების პირველ კრებულში „მზის სიცილი“ (1913) ერთმანეთს ერწყმის რეალისტური და სიმბოლისტური ტენდენციები, თავისუფლების გამარჯვების რწმენა და მისტიკის, მელანქოლიის, წუხილის მოტივები. კრებულში ლექსების უმრავლესობა სიუჟეტურად და კომპოზიციურად შეკრულ პოეტურ მონოლოგს წარმოადგენს. 1914–17 ა-ის პოეზიამ უფრო კონკრ. ხასიათი მიიღო. ამ პერიოდში შექმნილ ლექსებში იგრძნობა საბრძოლო განწყობილებათა განახლებაც და უკიდურესი ინდივიდუალიზმიც. მარტოობისა და მიუსაფრობის გრძნობაც; 20-იან წლებში კი მომძლავრდა დეკადენტური მოტივები. საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში ა-ს, მისივე სიტყვით, „ეროვნული შიში და ეჭვი“ დაეუფლა; ეს განწყობილება აისახა 1923 გამოცემულ ლექსების წიგნში „ანთებული ხეივანი“. ამ პერიოდში ა. გახდა „აკადემიური მწერლობის კავშირის“ წევრი. ლექსთა წიგნში „გაბზარული სარკე“ (1929) პოეტი ეპოქისათვის „თანამგზავრული სიმღერის“ თქმას მოითხოვდა. მწერლის შემოქმედებაში დამკვიდრდა „ახალი ქვეყნის“ მშენებლობის თემატიკა („ოქტომბრის ქუხილი“, 1937; „უკვდავება“, „სამშობლოსადმი“, 1938; კრებ. „მზე და სამშობლო“, 1939). II მსოფლიო ომის წლებში ა-ის პოეზია პატრ. თავდადებისა და სამშობლოს სიყვარულის იდეებით იყო გამსჭვალული (კრებ. „გმირული დღეები“, 1942); მრავალი ლექსი უძღვნა მან ხალხთა მეგობრობას, მშვიდობას, შრომას („ჩემი მადლობა“, 1944; „ოვანეს თუმანიანის ხსოვნას“, 1948; „მომავალ დღეთა სინათლეს ვხედავ“, 1949; „პუშკინს“, 1949 და სხვ.). მისი შემოქმედებიდან აღსანიშნავია შემდეგი ლექსები: „ღვინობისთვეში“, „აპრილი“, „ქვის ირემი“, „ახალი სოფლის ასული“, „ლექსის დაბადება“ და სხვ. ა-ს ეკუთვნის აგრეთვე მოთხრობები „ქალი სარკეში“ (1930). „ატმის ყვავილი“ (1959), კრიტ. წერილები, დაუმთავრებელი დარჩა რომანი „ირმა“.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: თხზულებათა კრებული ორ ტომად, თბ., 1958 – 60; რჩეული, თბ., 1967.
ლიტ.: ბენაშვილი დ., კრიტიკული ნარკვევები XX ს. ქართულ ლიტერატურაზე. ტ. 1, თბ., 1967; რადიანი შ., XX ს. ქართული ლიტერატურა, თბ., 1959; ჭილაია ს., XX ს. ქართული მწერლობა, ტ. 2, თბ., 1959.
ს. ჭილაია