აბაშიძე ასლან იბრაჰიმის ძე, ასლან-ბეგი (1877, ბათუმი, – 1924), გენერალ-მაიორი (1918), ბათუმის სადროშოს გამგებელ სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი, მ. აბაშიძის ძმა. სიჭაბუკიდანვე ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1905–07, რუსეთის პირველი რევოლუციის დროს, მეთაურობდა საბრძოლო რაზმს. თავი ისახელა ნასაკირალისა და ბათუმის 1905 ბრძოლებში. 1907–1910 ოსმალეთში გადავიდა. 1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ძმასთან ერთად ბათუმში დაბრუნდა და ენერგიული ბრძოლა გააჩაღა რუსეთის იმპერიული ძალების წინააღმდეგ. საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემედეგ (1918 წ. 26 მაისი) აქტიურად იღვწოდა ეროვნ. ჯარის ნაწილების ჩამოსაყალიბებლად. 1920 ბათუმში შეხვდა და დაუმეგობრდა იმჟამად იქ მომუშავე ქაქუცა ჩოლოყაშვილს, 1921-იდან ემიგრაციაში წასული ა. სტამბოლის ქართველ მოახალშენეებს შეუერთდა. აქედან მას მუდმივი კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ ქართველებთან და ეხმარებოდა მათ. აქტიურად მონაწილეობდა 1924 აჯანყების ორგანიზაციაში. არის ავტორი მხედრული სიმღერისა „ასლანური“. მოკლეს თურქეთში.
ლიტ.: სიხარულიძე ი., გენერალი ასლან აბაშიძე, თბ., 1994.
ფ. სიხარულიძე