აბზიანიძე ზაზა გიორგის ძე (დ. 30. X. 1940, თბილისი), კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1994), საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი (1976).
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1963). 1966-87 იყო რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი, მუშაობდა აგრეთვე კ. მარჯანიშვილის სახ. დრამ. თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ; 1987-იდან საქართ. რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოხელოვნების ინ-ტის ფილოლ. კათედრის გამგედ. ა-ს ეკუთვნის მონოგრაფია „ადამიანის კონცეფცია თანამედროვე ქართულ ლირიკაში“ (1975), „ლიტერატურული დიალოგები“ (1983), ლიტ. პორტრეტების ციკლი „ქართველი ლირიკოსები: ბესიკიდან ანა კალანდაძემდე“; თანაავტორია (ქ. ელაშვილთან ერთად) „სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედიისა“ (2 ტომად, I ხარისხის პრემია „პარნასი“ ლიტ-რის დარგში, 2006). ა. ავტორია მრავალი წერილისა XX ს. ქართული მწერლობის ტენდენციებზე, საზ. და ზოგადკულტურულ საკითხებზე. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი თარგმნილია უცხო ენებზე.
ა-ის წერილები თან ერთვის ბერლინში გერმ. ენაზე გამოქვეყნებულ თანამედროვე ქართ. მოთხრობების კრებულს („შორი თეთრი მწვერვალი“, 1984), აგრეთვე ტ. გრანელის, ლ. ასათიანის, გ. ნიკოლაძის, გ. ასათიანის ნაწარმოებთა გამოცემებს. ა. ავტორია საბავშვო ნაწარმოებებისა: „ბუსუნსულები. ლექს-ნახატები ჩემი მეგობრებისა და მათი შვილებისათვის“ (2009), „წითელკუდა -ზღაპრები დიდებისა და პატარებისათვის“ (2007).
ა-ს მიღებული აქვს: გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ლიტ. კონკურსის პირველი ხარისხის პრემია (2001), ლიტ. პრემია „გალა“ ნომინაციაში ,,წლის საუკეთესო საგამომცემლო პროექტი“ - პროექტისათვის – „ასი წიგნი: ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“ (2011); ლიტ. პრემია „საგურამო“ (2019); გ. კიკნაძის სახ. პრემია წლის საუკეთესო სამეცნ. სტატია «ლიტერატურული პორტრეტებისათვის - „უცნობი ყაზბეგი“».
ა. არის კომპარატივისტიკის ქართული ასოციაციის (GEKLA), მწერალთა საერთაშორისო ასოციაციის ევროპული ფორუმის წევრი.
თხზ.: მეგობრები და კოლეგები, თბ., 2003; ლიტერატურული პორტრეტები; ქართული პოეზიის სამი საუკუნე, თბ., 2009; Animalarky, Seattle (USA), 2014.