ანთიმოზ ივერიელი (Antim Ivireanul). ერისკაცობაში ანდრია (დაახლ. 1650 – 1716), რუმინეთის საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, განმანათლებელი, მესტამბე, მწერალი, მხატვარი. ვლახეთის მიტროპოლიტი (1708). წარმოშობით ქართველი.
ოსმალებმა გაიტაცეს საქართველოდან, სტამბოლში ტყვეობიდან გამოისყიდა იერუსალიმის პატრიარქმა, მის კარზევე მიიღო განათლება. იცოდა რამდენიმე ევრ. და აღმოსავლური ენა. XVII ს. 80-იანი წწ. ბოლოს ა. ი. მიიწვია ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრინკოვიანუმ. ა. ი-მ მთელი თავისი მოღვაწეობა მიუძღვნა რუმინ. ეროვნ. კულტურის აღორძინების საქმეს, დიდი წვლილი შეიტანა რუმინ. სალიტ. ენის განვითარებისა და წიგნის ბეჭდვის საქმეში. ა. ი-ის მიერ დაარსებულ სტამბებში (ბუქარესტში, სნაგოვის მონასტერში, რიმნიკში, ტირგოვიშტეში), მისივე ხელმძღვანელობით იბეჭდებოდა წიგნები რუმინ., ბერძნ., ძვ. სლავ., არაბ. ენებზე. მის სახელთანაა დაკავშირებული რუმინ. ღვთისმსახურებაში რუმინ. ენის დამკვიდრება, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რუმინ. სას. და საერო მწერლობის განვითარებისათვის. ა. ი-ს ეკუთვნის რამდენიმე ორიგინ. თხზულება, მ. შ. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ქადაგებანი“. ა. ი. ილუსტრაციებითა და მინიატურებით თვითონვე ამკობდა თავის მიერ გამოცემულ წიგნებს (მაგ., „სახარება“, გამოიცა 1693). ა. ი-მა მოაჩუქურთმა თავის მიერვე ბუქარესტში აგებული მონასტრის (ანთიმოზის მონასტერი) მთავარი კარი და სარკმლები, რ-თა ორნამენტში ქართ. მოტივები შერწყმულია რუმინულთან და დღესაც რჩება ხეზე ჭრის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშად. ა. ი-ის მოღვაწეობის წყალობით რუმინეთი XVII–XVIII სს. მიჯნაზე გადაიქცა მნიშვნელოვან კულტ. ცენტრად, რ-იც სხვა ქვეყნებსაც ამარაგებდა ბერძნ., ძვ. სლავ. და არაბ. (მაგ., არაბული „კურთხევანი“) ენებზე გამოცემული წიგნებით.
ა. ი-მა ვლახეთში 25 წლის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას დაარსებულ ოთხ სტამბაში დაბეჭდა 64 წიგნი. ა. ი-ის ხელშეწყობით მისმა მოწაფეებმა დააარსეს სტამბა ალეპოში (სირია). მისსავე სახელთანაა დაკავშირებული თბილისში პირველი სტამბის დაარსება 1709 და იმავე წელს ქართულად „სახარების“ დაბეჭდვა. თბილისში სტამბას საფუძველი ჩაუყარა ა. ი-ის მოწაფემ მიხაი იშტვანოვიჩმა, რ-საც საქართველოში უნგროვლახელს უწოდებდნენ. ა. ი-ისა და მისი მოწაფეების ღვაწლის წყალობით საფუძველი ჩაეყარა რუმინ. და ქართვ. ხალხების მეგობრობასა და კულტ. ურთიერთობას.
ა. ი. იბრძოდა რუმინ. ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის, სათავეში ედგა ანტიოსმ. პატრ.-განმათლებლურ მოძრაობას. თავის „ქადაგებებში“ გაბედულად ამხელდა ბოიარების უზნეობას, ანტიპატრიოტიზმს, მოუწოდებდა ხალხს ოსმალეთის წინააღმდეგ განმათ. ბრძოლისკენ. ა. ი-ს ანტიოსმ. ორიენტაციის გამო უთანხმოება მოუვიდა რუმინ. მთავართან. იგი შეიპყრეს, სას. ღირსება აჰყარეს (დაუბრუნეს ერისკაცობის სახელი – ანდრია) და სამუდამო ექსორია მიუსაჯეს სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში. თანმხლებმა იანიჩარებმა, როგორც ვარაუდობენ, მთავრის წაქეზებით, ა. ი. გზაში მოკლეს და მისი გვამი მდინარეში ჩააგდეს.
1992 წ. 21 ივნისს რუმინ. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ა. ი. წმინდანად შერაცხა.
მისი მოხსენიების დღეა 14 (27) სექტემბერი
თხზ.: Predici, ed. de G. Strempel, Buc., 1962.
ლიტ.: გვინჩიძე ო., ანთიმ ივერიელი, თბ., 1973; კურდღელაშვილი შ., ქართული სტამბის ისტორიიდან, თბ., 1959; შანიძე ა., ქართული სტამბის ისტორიისათვის, კრ.: ლიტერატურული მემკვიდრეობა, წგ. 1, თბ., 1935; შარაშიძე ქ., პირველი სტამბა საქართველოში (1709 – 1722), თბ., 1955; Джинджихашвили Ф., Антимоз Ивериели, Тб., 1967.
ვ. მაჭარაძე
ფ. ჯინჯიხაშვილი