ანთროპოლოგია

ანთროპოლოგია (ბერძნ. anthrōpos - ადამიანი და logos - სიტყვა, მოძღვრება), მეცნიერება ადამიანისა და მისი რასების სხეულებრივ ორგანიზაციასა და წარმომავლობაზე.

ა-ის ძირითადი დარგებია მორფოლოგია, მოძღვრება ადამიანის წარმოშობის შესახებ (ანთროპოგენეზი) და რასთმცოდნეობა ანუ ეთნიკური ა. მორფოლოგია შეისწავლის ფიზ. ტიპის ინდივიდ. ცვალებადობებს, მის ასაკობრივ დინამიკას ჩანასახიდან სიბერემდე, სქესობრივ დიმორფიზმს, გარემო ფაქტორებით განპირობებულ ფიზ. ორგანიზაციის თავისებურებებსა და სხვ. ყველაზე უკეთ ძვლოვანი სისტემის (ოსტეოლოგია) და განსაკუთრებით თავის ქალას (კრანიოლოგია) კვლევაა დამუშავებული. მორფოლ. მომიჯნავე დარგებია ადამიანის ნორმალური ანატომია, ემბრიოლოგია და ჰისტოლოგია, შედარებითი ანატომია და სხვ. მოძღვრება ადამიანის წარმოშობისა და ჩამოყალიბების შესახებ - ანთროპოგენეზი - იკვლევს სხეულებრივი ორგანიზაციის იმ ცვლილებებს, რ-ებიც განიცადეს ჩვენმა წინაპრებმა თანამედროვე ტიპის ადამიანად ჩამოყალიბებამდე. თავის მხრივ ანთროპოგენეზი იყოფა სამ ნაწილად: პრიმატოლოგიად - თანამედროვე და ნამარხი მაიმუნებისა და ნახევრად მაიმუნების შესწავლა, ევოლუციურ ანატომიად და პალეოანთროპოლოგიად; ეს დარგი უშუალოდ ესაზღვრება უმაღლესი ნერვული მოქმედების ფიზიოლოგიას, გეოლოგიას, პალეოლითის არქეოლოგიას, პალეონტოლოგიასა და ფსიქოლოგიას. ა-ის მესამე დარგი - რასათმცოდნეობა ანუ ეთნიკური ა. იკვლევს ადამიანის რასებისა და ეთნ. ჯგუფების მორფოლ. თავისებურებებსა და ვარიაციებს სივრცეში, რის საფუძველზეც ადგენს თანამედროვე რასებისა და პოპულაციების წარმოშობასა და ნათესაობას. ეთნ. ა-ის კომპეტენციაში შედის აგრეთვე რასობრივი ტიპების კლასიფიკაციისა და გავრცელების, რასების ფორმირებისა და ლოკალიზაციის შესწავლა. რასათმცოდნეობას მჭიდრო ურთიერთობა აქვს ადამიანის გენეტიკასთან, ბიომეტრიასთან, ისტორიასთან, არქეოლოგიასთან, ენათმეცნიერებასთან და სხვ. ეთნ. ა-ის მონაცემები საფუძვლად უდევს ეთნოგენეზურ კვლევას, რ-იც შეისწავლის ხალხის წარმოშობას, ნათესაობასა და ჩამოყალიბებას და ამდენად ქმნის ადამიანთა საზ-ბის ყოველგვარი ისტ. აღწერილობის წინაპირობას.

გარდა ამ ძირითადი პრობლემებისა, ა. შეისწავლის აგრეთვე ადამიანისა და მისი ცალკეული ჯგუფების ბიოლოგიას, გენეტიკას, სეროლოგიას, ოდონტოლოგიას, დერმატოგლიფიკას, აქცელერაციას და სხვ. აქვე აღსანიშნავია მოსახ. ფიზ. განვითარების შესწავლა, რ-იც მასობრივი სამედ. კონტროლის საიმედო წინაპირობას ქმნის, ცალკეული პოპულაციების ანთროპომეტრული სტანდარტიზაცია (რ-ის გარეშეც წარმოუდგენელია ინდივიდ. მოხმარების საგნების მასობრივი დამზადება), სახისა და სხეულის რბილი ნაწილების რეკონსტრუქცია ძვლოვანი ნაშთების მიხედვით და მრავალი სხვა ზოგადი და კერძო საკითხი.

საქართველოში ანთროპოლ. კვლევა-ძიება იმთავითვე ეთნიკური ა-ის პრობლემატიკით წარიმართა. სადღეისოდ მისი მიღწევები აღიარებულია არა მარტო ჩვენში, არამედ საზღვარგარეთაც. XIX ს. 70-იანი წლებიდან, როდესაც დაიწყო სამთავროს სამაროვნის არქეოლ. გათხრა, იქ მოპოვებული პალეოანთროპოლ. მასალა პირველად იქცა დაკვირვების საგნად. აქედან მოყოლებული დღემდე არ შეწყვეტილა პალეოანთროპოლ. მასალის ძიება და კვლევა. 1905-იდან ამ დარგში თავისი შრომების გამოქვეყნება დაიწყო აკად. ა. ჯავახიშვილმა. ამავე დროს განეკუთვნება ქართვ. მკვლევარისა და საზ. მოღვაწის თ. სახოკიას ანთროპოლ. პუბლიკაციები ფრანგ. სამეცნ. ჟურნალებში (1905 იგი აირჩიეს პარიზის ანთროპოლ. საზ-ბის წ.-კ-ად).

1911 – 13 შემდგომში ცნობილმა ქართვ. დასტაქარმა ნ. კახიანმა კაიროსა და ალექსანდრიაში შეისწავლა ეგვ. მუზეუმებში დაცული უმდიდრესი კრანიოლოგიური კოლექციები და იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „ეგვიპტის უძველესი მოსახლეობის ანთროპოლოგიის შესახებ“. 1914 საქართვ. ანთროპოლოგიისადმი მიძღვნილი ნაშრომებისათვის ა. ჯავახიშვილი დაჯილდოვდა „ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საზოგადოების“ დიდი ოქროს მედლით. 20-იანი წწ. დასაწყისში საქართველოში თავი მოიყარეს უმაღლესი მეცნ. დონის ანთროპოლოგებმა: ა. ჯავახიშვილმა, გ. ჯავახიშვილმა, ა. ნათიშვილმა, ნ. კახიანმა და გ. ნიორაძემ. ყოველივე ამან ნიადაგი შეუმზადა საქართველოში ანთროპოლ. ცენტრის ჩამოყალიბებას. 1920 თსუ-ში ჩამოყალიბდა გეოგრ. და ანთროპოლ. კათედრა, რ-საც სათავეში ჩაუდგა აკად. ა. ჯავახიშვილი. ამ დროს წაიკითხა თსუ-ში პროფ. გ. ჯავახიშვილმა საჯარო მოხსენება „ანთროპოლოგიის მიზანი და მეთოდი ჩვენში“. გ. ჯავახიშვილს ანთროპოლ. განათლება გერმანიაში ჰქონდა მიღებული ფ. ლუშანის ხელმძღვანელობით. თავის მასწავლებელთან ერთად ის განსაკუთრებული წამრატებით მუშაობდა პრიმატოლოგიის დარგში. გერმანიაში მიიღო განათლება გ. ნიორაძემაც, რ-ის სახელთანაც არის დაკავშირებული პალეოანთროპოლ. და არქეოლ. მასალების კომპლ. კვლევა.

კიდევ უფრო ინტენსიურად გაიშალა ანთროპოლ. კვლევა-ძიება საქართველოში 1950-იდან, როდესაც აკად. ა. ნათიშვილის თაოსნობით საქართვ. მეცნ. აკად. სისტემაში ჩამოყალიბდა ა-ის განყ-ბა. 50-იან წლებში ქართვ. ანთროპოლოგები აგროვებდნენ და იკვლევდნენ საქართვ. და ნაწილობრივ კავკ. ძვ. და თანამედროვე მოსახლეობის ამსახველ მასალებს, აქვეყნებდნენ მიღებულ შედეგებს. 50-იანი წწ. დასასრულიდან საქართველოში ანთროპოლ. კვლევა-ძიებას ხელმძღვანელობს მ. აბდუშელიშვილი. ძვ., ტრად. სისტემების გარდა, ქართვ. ანთროპოლოგების კვლევის სფეროში მოექცა სეროლოგიური, ოდონტოლოგიური, დერმატოგლიფიკური და სხვა სისტემების კვლევა. სადღეისოდ შეგროვილი და ყველა სისტემის მიხედვით შესწავლილია კავკ., განსაკუთრებით კი საქართვ., თითქმის ყველა ქრონოლოგიური პერიოდის და ყველა თანამედროვე ეთნ. და ტერიტ. ჯგუფის ამსახველი მასალა. ამ მხრივ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უკეთ შესწავლილი რეგიონია.

ქართვ. ანთროპოლოგებმა შეისწავლეს საქართვ. მოზარდების ფიზ. განვითარება. დაადგინეს მათი ასაკობრივი პერიოდიზაცია, ანთროპოლოგიურად გამოიკვლიეს ქართველები და სხვა კავკ. ხალხები (სომხები, ადიღეელები, ყაბარდოელები, ჩერქეზები, ოსები, აფხაზები, აბაზები, ყარაჩაელები, ნოღაელები, კავკასიაში მცხოვრები რუსები, უკრაინელები, ესტონელები, ებრაელები, ასურელები, ქურთები, ბერძნები და სხვ.). შეისწავლეს კაკვ. და, განსაკუთრებით, საქართვ. უძველესი მოსახლ. (ენეოლითიდან დღემდე) პალეოანთროპოლ. თავისებურებები, დაადგინეს მათი ავტოქთონური წარმომავლობა, გენეტ. მემკვიდრეობა და ურთიერთმონათესაობა; ეპოქალური ტრანსფორმაციის მიმართულება, ტემპი და ხასიათი სამხრეთ ევრ. რასის წარმომადგენლებში; საქართვ. მოსახლეობაში გამოყვეს სამი (იბერიული, კოლხური და კავკ.) ლოკალური ანთროპოლ. ვარიანტი; შეადგინეს, კავკ. თანამედროვე მოსახლ. ანთროპოლ. კლასიფიკაციის ორიგინ. სქემა და გამოყვეს სამი (წინააზიური, დასავლეთკასპიური და პონტურ-ადიღეური) რასობრივი კომპონენტი. ქართვ. ანთროპოლოგთა სახელთან არის დაკავშირებული ცენტრ., დას., ჩრდ. და სამხრ. ინდ. თანამედროვე მოსახლ. შესწავლა და ინდოსტანის სუბკონტინენტის მოსახლეობაში პალეოინდ., მეზოინდ. და ნეოინდ. რასობრივი კომპონენტების გამოყოფა: სამხრეთ ევრ. და მთლიანად ევრ. კონტინენტური რასის წარმოშობის, ჩამოყალიბებისა და განსახლების ორიგინ. რასოგენეზური კონცეფციის დამუშავება და სხვ. გარდა რასათმცოდნეობითი საკითხებისა, ქართვ. ანთროპოლოგები იკვლევენ ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა ანთროპოლ. ნიშნების ასაკობრივი დინამიკა, საქართვ. მოსახლ. აქცელერაციული ძვრები, ქრონოლოგიური ასაკის ბიოლ. კრიტერიუმებით განსაზღვრა, შექმნეს მრავლობითი მასალის ანალიზის სიგმალური რუბრიკაციისა და კატეგორიულ გამოთვლათა მეთოდი, სქემოგრაფიული განმაზოგადებელი პორტრეტის რეკონსტრუქციის მეთოდი, კრანიოლოგიური ნიშების სქესობრივი და ასაკობრივი დიფერენცირების მეთოდი, ანთროპოლ. ტერმინოლოგიაში ბინომინალური სიმბოლიკა და მრავალი სხვა. ამ მასალებზე დაყრდნობილმა პუბლიკაციებმა ქართვ. ანთროპოლოგებს მოუპოვეს საერთაშ. აღიარება.

თეორ. ხასიათის მიღწევებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველი ანთროპოლოგების მიერ დამუშავებული და 1976-ში გამოქვეყნებული კრანიოლოგიური მეთოდიკისა და ანთროპოლოგიური მეთოდიკის სახელმძღვანელოები, რ-ებიც „აჯამებენ მსოფლიო გამოცდილებას...“ (აკადემიკოსი ვ. ალექსეევი). ქართველი ანთროპოლოგების მიერ მომზადებულია ინდ. თანამედროვე მოსახლ. და კავკ. ძვ. და თანამედროვე მოსახლ. ა-ის მრავალტომეული.

ქართვ. ანთროპოლოგები მონაწილეობენ ყველა საერთაშ. ანთროპოლ. კონგრესის მუშაობაში. 1979 ანთროპოლოგებისა და ეთნოლოგების კონგრესზე მ. აბდუშელიშვილი აირჩიეს ეთნოგენეზური სექციის ხელმძღვანელად. ქართვ. ანთროპოლოგები არიან მრავალი საზღვარგარეთის და საერთაშ. სამეცნ. საბჭოსა და საზ-ბის წევრები, ევრ. ანთროპოლოგთა ასოციაციის, იუნესკოს საერთაშ. კომისიის აქტ. წევრები.

ლიტ.: აბდუშელიშვილი მ., ადამიანის წარმოშობა, თბ., 1959; მისივე, კრანიოლოგია, თბ., 1976; მისივე, პალეოსტომატოლოგია, თბ., 1990 (თანაავტ. მ. ინაშვილი); ჯავახიშვილი გ., ანთროპოლოგიის მიზანი და მეთოდი ჩვენში, «ჩვენი მეცნიერება», 1926, № 17 – 18; Абдушелишвили М. Г., Антропология древнего и современного населения Грузии, Тб., 1964; მისივე, Краннология древнего и современного населения Кавказа, Тб., 1966; მისივე, Методика антропологических исследований, Тб., 1992; Джавахишвили Г. А., О параллельных и расходящихся направлениях в развитии некоторых краниометрических признаков млекопитающих и человека, Тб., 1955; Джавахов А. Н., Антропология Грузии, т. 1 – 2, М., 1908 – 1914; Натишвили А. Н., Абдушелишвили М. Г., Предварительные данные об антропологических исследованиях грузинского народа, «Краткие сообшения Ин-та этнографии АН СССР», 1955б в. 22; Abdushelishvili M. G., The genesis of the aboriginal population of the Caucasus in the light of anthropological data, Tokyo, 1968.


მ. აბდუშელიშვილი