ანისი

ანისი, ანი, ჯერ ციხესიმაგრე, შემდეგ ქალაქი შუა საუკ. სომხეთში, არშარუნიქის ოლქში, მდ. ახურიანის (არფაჩაი) მარჯვ. ნაპირზე (ახლანდ. თურქ. ტერიტ., ყარსის ვილაიეთი).

სავარაუდოა, რომ სახელწ. ირან. ქალღმერთ ანაჰიტას (ბერძნ. ანაიტიდა) უკავშირდებოდეს. ა-ის ციხესიმაგრეზე ცნობა უკვე V ს-იდან გვხვდება (მის ტაძარში არშაკუნიანებთან დაკავშირებული კამსარაკანთა საგვარეულო სამარხი იყო). VIII ს-ში ა. დანარჩენ სომხეთთან ერთად არაბთა სახალიფოში მოექცა. იმავე საუკუნის II ნახევარში ა. აღმავლობის გზაზე დამდგარმა ბაგრატუნებმა შეისყიდეს; 961-იდან იგი ანისის სამეფოს (886 – 1045) სატახტო ქალაქია იყო, 993-იდან – სომხ. კათალიკოსის სამყოფელი. ა. სწრაფად ფართოვდებოდა, ვითარდებოდა მისი საქალაქო ცხოვრებაც. საგულისხმოა, რომ ქალაქი ვეღარ ეტეოდა 963 – 964 აგებულ ე. წ. „აშოტის კედლებში“ და მეოთხედი საუკუნის შემდეგ მას ახ. გალავანი („სუმბატის კედლები“) შემოარტყეს. აღსანიშნავია, რომ ქალაქის მოსახლ. ცხოვრობდა იქვე, კლდეში ნაკვეთ ე. წ. „ქვაბთა ქალაქშიც“.

ანისის სამეფოს დაცემით გამწვავებულ პოლიტ. ვითარებაში ა-ის მესვეურთა ერთმა ნაწილმა საქართველოზე აიღო ორიენტაცია და 1044 ა. ბაგრატ IV-ს გადასცა; მაგრამ 1045 ბიზანტიამ იმძლავრა და ქალაქში თავისი წარმომადგენელი დასვა, 1064 კი თურქ-სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა დაიპყრო ა. და ის შედადიანებს გადასცა. საქართველოს სახელმწიფოს გაძლიერებასთან ერთად ა-ში ისევ იმძლავრა პროქართულმა ორიენტაციამ და 1124 ქალაქის თავებმა საქართვ. მეფე დავით IV აღმაშენებელს სთხოვეს დახმარება. დავითმა აიღო ა., საქართველოს შემოუერთა და იქ თავისი მოხელე დანიშნა. ქართველთა მმართველობის დროს ქალაქის კედლის გაგრძელებამ ახურიანის ციცაბო ნაპირამდე კიდევ უფრო განამტკიცა ა-ის თავდაცვისუნარიანობა. ამავე დროის საეკლ. მშენებლობები ამტკიცებს, რომ ქართვ, (ისევე, როგორც ადრე ბერძენი) მმართველები მფარველობდნენ ქალკედონურ (მართლმადიდებლურ) რწმენას და მან მორწმუნეთა უმრავლესობა მოიპოვა. სომხ. ტრადიცია დუმილით უვლის გვერდს ამ ფაქტს.

ა-ის დაკარგვას, ცხადია ვერ შეურიგდებოდნენ თურქ-სელჩუკები და მათი მომრხეები სამხრ. კავკასიაში. მთელი XII ს. განმავლობაში საქართველო თავგამოდებით, თუმცა ცვალებადი შედეგებით, ებრძოდა მათ აგრესიას ა-ში. შესაბამისად იცვლებოდა საქართველოს სტატუსი ა-ში და მისი დამოკიდებულება შედადიანი მმართველებისადმი, რ-ებიც XII ს. დასასრულამდე ხანგამოშვებით ფლობდნენ ა-ს. ხდებოდა ისეც, რომ ქართვ. მეფე თავის ვასალ შედადიან მმართველს ა-ში მუსლიმანთა თავდასხმებისაგანაც იცავდა (დემეტრე I-ის გამარჯვება 1153 – 54 არზრუმის მფლობელ იზ ალ-დინ სალდუხთან ბრძოლაში).

საერთოდ ქრისტიანთა და მუსლიმთა ურთიერთობა ა-ში ძირითადად, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, მშვიდობიანი იყო. ასე, 1161 ქრისტიანი სამღვდელოების მეთაურობით ა-ის მოსახლ. აუჯანყდა შედადიან მმართველს და საქართვ. მეფეს, გიორგი III-ს სთხოვა დახმარება. იმავე წელს გიორგი III-მ მუსლ. კოალიციის წინააღმდეგ ბრძოლით დაიცვა ანელთა ინტერესები. XII ს. 60-იანი წლებიდან ა-თვის ბრძოლაში ებმება აზერბ. ათაბაგი ელდიგუზი.

1164 გიორგი III-მ ა. დატოვა, თუმცა 1174 ისევ დაიბრუნა. 1198 – 99-იდან შედადიანები აქ აღარ ჩანან, ა. (ჩრდ. სომხეთთან ერთად) საქართვ. სახელმწიფოში გაერთიანდა და ის მხარგრძელებს გადასცეს სამართავად. 1226 ქალაქმა გაუძლო ჯალალედინის შემოტევას, მაგრამ 1236 დამარცხდა მონღოლებთან ბრძოლაში. შემდგომშიც ა. საქართველოს მფლობელობაში ითვლებოდა. მოგვიანებით იგი ჰულაგუინთა „პირად სამფლობელოდ“ („ხასინჯუ“) გამოცხადდა. ა. თანდათან სუსტდებოდა; 1319 იგი მიწისძვრამ დაანგრია. XVI ს. ა. სოფლად იხსენიება, მატულობს თურქული მოსახლეობა. (1877 – 78 რუს.-ოსმ). ომის შემდეგ ა. რუსეთის იმპერიაში შევიდა, მაგრამ ისევ დაუბრუნდა ოსმალეთს 1921 ხელშეკრულებით.

აკად. ნ. მარის ხელმძღვანელობით 1892 – 93 და 1904 – 16 ჩატარებული არქეოლ. გათხრების შედეგად გამოვლენილი, შედარებით მცირე ფართობზე განლაგებული ქალაქის საერო, სას. და საქალაქო ნაგებობანი [სასახლეები და საცხოვრ. სახლები, სასტუმრო-ქარვასლები; კათედრალური ტაძარი და ეკლესიები, მ. შ. მართლმადიდებლური ქართ. ორსართულიანი ეკლესია ქართულივე წარწერით (იხ. ანისის ქართული წარწერა 1218), მეჩეთები, ქალაქის უბნები, ქუჩები, სახელოსნოები, წყალსადენი, აბანოები, ხიდები და სხვ.] უმეტესად X – XIII სს. რომ განეკუთვნება, ნათლად წარმოგვიდგენს შუა საუუნების. ქალაქის გარეგან სახეს, სხვადასხვა კულტურის ურთიერთობისა და ზემოქმედების თვალსაჩინო კვალს. საგულისხმოა ისიც, რომ ამავე დროს შეინიშნება ეროვნ. ტრადიციების შესუსტებაც (ნ. მარი). ა.-ს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სომხ., არამედ საქართვ., აგრეთვე მსოფლიო ისტ. ისეთი ძირითადი პრობლემის შესასწავლად, როგორიც არის ქრისტიანულ და ისლამურ კულტურათა ურთიერთობა.

ლიტ.: თოფურია პ., აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები XI – XII საუკუნეებში, თბ., 1975; მისივე, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ქალაქები. X – XIII ს-ის პირველი მეოთხედი, თბ., 1985; ლორთქიფანიძე მ., ანისისათვის ბრძოლისისტორიიდან XII ს.ს. საქართველოში, კრ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, [ტ.] 1, თბ., 1970; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, 3, თბ., 1973 – 79; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2 – 3, თბ., 1983 – 82 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2 – 3); Бартольд В. В., Ани, Соч. в 9 томах, т. 3, М., 1965; Марр Н. Я., Ани. Книжная история города и раскопки на месте городища, Л – М., 1934.

პ. თოფურია