ანისის ქართული წარწერა 1218, საქართველოს კათოლიკოსის ეტიფანეს განაჩენის ტექსტი, ანისის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კედელზე.
აღმოაჩინა ნ. მარმა 1910 ანისის არქეოლ. გათხრების დროს. განაჩენი გამოტანილია ანისის მართლმადიდებელ მოსახლეობასა და ანელ ხუცესთა შორის ატეხილი დავის გამო. წარწერა მოგვითხრობს, რომ დავა გამოიწვია ანისის სამღვდელოების მიერ ანელი მართლმადიდებელი ქართვ. და სომეხი მრევლისათვის საეკლ. მისაცემელთა (ჯვარისწერისას, ნათლობისას, წესის აგებისას) გაძვირებამ. უკმაყოფილო მრევლი ზოგჯერ წირვა-ლოცვასაც აღარ ესწრებოდა. გამწვავებული ურთიერთობის მოგვარება სცადა საქართვ. კათალიკოსმა ეტიფანემ. იგი იძულებული გახდა დაეგმო ხუცების საქციელი და შეემცირებინა საეკლ. მისაცემელთა ოდენობა. ეტიფანეს განაჩენს ხელს აწერს სომეხი ეპისკოპოსი გრიგოლი და ქალაქის ამირა ვაჰრამი.
ა. ქ. წ. იმდროინდელი სოც.-ეკონ. ურთიერთობის მნიშვნელოვანი წყაროა. წარწერა ცხადყოფს, რომ საქართვ. სახელმწიფოში შემავალი არაქართ. ტერიტორიების დიოფიზიტური ეკლესიები იერარქიულად ქართლის კათოლიკოსზე იყო დამოკიდებული.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., სოციალური ბრძოლის ისტორია საქართველოში IX – XIII სს-ში, წგ.: ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1966; Дондуа В. Д., К социально-экономической жизни средневековой Грузии по Анийской надписи (1218) Епифания, კრ.: Академия наук СССР академику Н. Я. Марру, М. – Л., 1935; Марр Н. Я., Надпись Епифания, католикоса Грузии, «Известия Академии наук», 1910, № 117.