ანტოკოლსკი პავლე გრიგოლის ძე [19. VI (1. VII). 1896, სანქტ-პეტერბურგი, – 16.X.1978, მოსკოვი], რუსი პოეტი და მთარგმნელი. სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1946).
საქართველოში პირველად 1935 ჩამოვიდა. შემდეგ კი ხშირი სტუმარი და რესპ. ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის მონაწილე გახდა. საქართველოს უძღვნა ლექსების ციკლი („ღამე სოფელ ყაზბეგში“, „კავკასიის ზღაპარი“, „საქართველოს სამხედრო გზა“, „ქუთაისი“, „გადმოცემა მოგვითხრობს“, „თბილისის ღამე“, „დემონის სიკვდილზედ“, „მთის გზა“, „ეს ფრონტია!“, „ვეფხისტყაოსანი“, „ტიციან ტაბიძე“, „ნიკო ფიროსმანაშვილი“, „თამარ აბაკელია“ და სხვ.), ნარკვევები [„ტიციან ტაბიძე“ (1957), „სიმონ ჩიქოვანი“ (1969), „კარლო კალაძე“ (1965)] და ლიტ.-კრიტ. სტატიები.
თარგმნა „ვეფხისტყაოსანი" (ნაწყვეტები), დ. გურამიშვილის, ა. ჭავჭავაძის, ნ. ბარათაშვილის, ა. წერეთლის, გ. ტაბიძის, ტ. ტაბიძის, პ. იაშვილის, გ. ლეონიძის, ს. ჩიქოვანის, ვ. გაფრინდაშვილის, ნ. მიწიშვილის, ი. ნონეშვილის, ი. აბაშიძის, გ. აბაშიძის, კ. კალაძის და სხვ. ნაწარმოებები. ქართ. პოეზიის დიდი სიყვარული და საქართვ. ისტ. და კულტ. ცოდნა განაპირობა ა-ს მეგობრობამ ქართვ. პოეტებთან. მისი ლექსები და პოემები თარგმნეს ა. აბაშელმა, გ. აბაშიძემ, კ. კალაძემ, შ. ნიშნიანიძემ და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Побратимы. Стихи о Грузии. Из грузинских поэтов, Тб., 1963; ლექსები, თბ., 1962; შვილი, თბ., 1966.
ლიტ.: Богомолов И. С., Грузия в поэзии Павла Антокольского, Тб., 1976; Левин Л. И., Четыре жизни. Хроника трудов и дней П. Антокольского, 2 изд. Доп., М., 1978.
ი. ბოგომოლოვი