ანტონ მარტყოფელი, საეკლესიო მოღვაწე (VI ს. შუა წლები), ერთ-ერთი ასურელი მამა (იხ. ასურელი მამები), მარტყოფის მონასტრის დამაარსებელი, წმინდანის (ხსენ. დღე 19 (1. II) იანვარი).
საქართველოში მოვიდა ქ. ედესიდან (ახლანდ. ქ. ურფა, თურქეთი). განმარტოებით ცხოვრების გამო უწოდეს „მარტყოფელი“. ვარაუდობენ, რომ მისი სახელისაგან წარმოდგა სოფ. მარტყოფის სახელწოდება. ა. მ-მა საქართველოში სამისიონერო მოგზაურობის დროს მრავალი წარმართი გააქრისტიანა, განსაკუთრებით ზედაზნის მთის ჩრდ-ით, იყალთოს მთების, ლოპოტის ხევისა და ახმეტის მიდამოებში. მას ძველთაგანვე მიაწერდნენ ქ. ედესიდან ხელთუქმნელი საუფლო ხატის პირის (კეცზე ტვიფრით გადაღებული) ჩამოტანას და ამას განსაკუთრებულ ეროვნ. დამსახურებად უთვლიდნენ. ეს ლეგენდა ფართოდ გამოიყენა კათოლიკოსმა არსენ ბულმაისიმისძემ თავის პატრ. ჰიმნოგრაფიაში. ცნობები ა. მ-ის შესახებ ჩართულია სხვა ასურელ მამათა ცხოვრებასა და „ქართლის ცხოვრების“ ანასეულ ნუსხაში (XV ს.).
წყარო: ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1955; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ე. გაბიძაშვილის გამოც., წგ. 4, თბ., 1968.
ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ.1).
ბ. ლომინაძე