ანჩაბაძე პეტრე კონსტანტინეს ძე (1869_1928), საზოგადო მოღვაწე. (ეკატერინოდარის რუსეთი) სას.-სამ. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მშობლიურ სოფ. ოტობაიაში (სამურზაყანო) დაბრუნდა და შეუდგა მეურნეობაში მოწინავე ტექნიკის დანერგვას; შემოიტანა ახალი კულტურები, პრაქტიკულ დახმარებას უწევდა სამურზაყანოელ გლეხობას მეურნეობის პროგრესული მეთოდების ათვისებაში, უზიარებდა მათ თავის ცოდნასა და გამოცდილებას, ღარიბ გლეხებს ურიგებდა საკუთარ მიწებს. მნიშვნელოვანი იყო ა-ის წვლილი სახ. განათლების საქმეში.
მისი ინიციატივით 1898 ოტობაიაში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა, 1912 კი აშენდა სპეციალური სკოლის შენობა. სოფლის ახალგაზრდობისათვის ა-მ გახსნა სადურგლო, სამჭედლო და სახარაზო სახელოსნოები, დააფინანსა არაერთი საზ. წამოწყება: მაგ., მისი სახსრებით აშენებული ბორანი ენგურზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და ხალხი მას საბჭ. პერიოდშიც „პეტრეს ბორანს“ უწოდებდა. 1916 ა. შედიოდა აფხ. თავად-აზნაურთა და გლეხობის დეპუტაციაში, რ-მაც გაილაშქრა კავკ. ადმინისტრაციის გეგმის წინააღმდეგ _ გადაეცათ აფხაზეთი ჩერნომორიის გუბერნიისათვის. ა-ის მდიდარ ბ-კაში მრავალი ცნობილი პიროვნების, მ. შ. ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის და სხვა გამოჩენილი ქართვ. მწერლისა და საზ. მოღვაწის ავტოგრაფიანი წიგნი ინახებოდა.
გ. ანჩაბაძე