ანჯაფარიძე ვერიკო (ვერა) ივლიანეს ასული [23. IX (5. X). 1897, ქუთაისი, - 30. I. 1987, თბილისი], მსახიობი. საქართვ. (1943) და სსრკ (1950) სახ. არტისტი. სსრკ სახელმწ. (1943, 1946, 1952), შოთა რუსთაველის სახ. (1979) და კ. მარჯანიშვილის სახ. (1975) პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართ. თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი;
მისი საუკეთესო იდეურ-მხატვრული ტრადიციების ერთ-ერთი უპირველესი შემქმნელი და დამამკვიდრებელი, კ. მარჯანიშვილის თეატრ. მრწამსის მიმდევარი და დამცველი. დაიბადა ნოტარიუსის ოჯახში. ქუთ. წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკოვში – ს. აიდაროვისა (1916–17) და თბილისში – გ. ჯაბადარის (1918–20) - დრამ. სტუდიებში.
1920–26 ა. იყო თბილ. რუსთაველის სახ. თეატრის, 1926–28 - ბათუმის თეატრისა და თბილ. „მუშათა თეატრის“, 1928–32 - ქუთ.-ბათუმის აკად. დრამის (ხელმძღვ. კ. მარჯანიშვილი) მსახიობი. 1932–33 მუშაობდა მოსკ. „რეალისტურ თეატრში“, სადაც მ. გორკის „დედაში“ შეასრულა სოფიას როლი.
1933 დაბრუნდა თბილისში, კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას (1957–59 იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი). ა. იყო ტრაგიკულ-დრამ. პლანის მსახიობი (თუმცა არაჩვეულებრივი სილაღით განასახიერა მირანდოლინა კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისში“). იყო მკაფიო ინდივიდუალობის მსახიობი. ჰქონდა თანადროულობის მახვილი შეგრძნების უნარი. გამოირჩეოდა მეტყველი საშუალებების სიუხვით. ა-ის მიერ შექმნილი ტრაგიკულ და დრამ. სახეები ახასიათებდა მაღალი პათეტიკურობა, უდიდესი ლირიზმი, უშუალობა, სცენური ნახაზის მკაფიოობა.
ა-თვის დამახასიათებელი იყო დიდი სცენური მომხიბვლელობა, კულტურა, მგზნებარება, გულწრფელობა, მეტყველების მელოდიურობა, მაღალი პროფესიონალიზმი, გემოვნება, ღრმა ინტელექტი, ვირტუოზული ტექნიკა. ა-ის შემოქმედებაში განვითარება პოვა ქართ. თეატრის რეალისტურმა და რომანტ. ტრადიციებმა. მის სახელთან არის დაკავშირებული კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის მრავალი დადგმა. ამ თეატრში მუშაობის 60 წლის განმავლობაში ა-მ მაღალმხატვრული სცენური სახეების მთელი გალერეა შექმნა. მ. შ.: ოფელია (უ. შექსპირის „ჰამლეტი“), ივდითი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), დეზდემონა (უ. შექსპირის „ოტელო“), ლიზი (ნ. შიუკაშვილის „სულელი“), გინატრე (შ. დადიანის „ნინოშვილის გურია“), მარგარიტა (ა. დიუმას „მარგარიტა გოტიე“), ცაბუ (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“), აიშე (ი. ვაკელის „შური“), ლარისა (ა. ოსტროვსკის „უმზითვო“), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), მაყვალა (ა. ყაზბეგის „მოძღვარი“), კლეოპატრა (უ. შექსპირის „ანტონიოს და კლეოპატრა“), დარეჯანი (ი. მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“, სსრკ სახელმწ. პრემია, 1952), გრაფინია (პ. ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), მეჰმენე ბანუ (ნ. ჰიქმეთის „ლეგენდა სიყვარულზე“), მარიამ სტიუარტი (ფ. შილერის „მარიამ სტიუარტი“), მედეა (ევრიპიდეს „მედეა“), ბებია (ა. კასონას „ხეები ზეზეურად კვდებიან“), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ფრუ ალვინგი (ჰ. იბსენის „მოჩვენებანი“), ფატი გურიელი (ა. ჩხაიძის „შთამომავლობა“), ნენი (პ. ზინდელის „გვირილა“), ლედი მაკბეთი (უ. შექსპირის „მაკბეთი“), დედოფალი (მ. მრევლიშვილის „წამება დედოფლისა“), მისის ჰიგინზი (ბ. შოუს „პიგმალიონი“) და სხვ.
ა-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართ. და საბჭ. კინოს გავნითარებაში. შექმნა (1925-იდან) განუმეორებელი ეკრანული სახეები: მარო („საბა“,რეჟ. მ. ჭიაურელი, 1929), ლუიზა („კომუნარის ჩიბუხი“, რეჟ. კ. მარჯანიშვილი, 1929), მანანა („არსენა", 1937),ბაბალე („ქაჯანა“, რეჟ. კ. პიპინაშვილი, 1944), რუსუდანი („გიორგი სააკაძე“, სსრკ სახელმწ. პრემია 1943, 1946), ჰანსის დედა („ბერლინის დაცემა“ „მოსფილმი“, 1949), ოთარაანთ ქვრივი („ოთარაანთ ქვრივი“, ყველას რეჟ. მ. ჭიაურელი, 1958), ნინო („ბედნიერი შეხვედრა“, რეჟ. ნ. სანიშვილი, 1949), თავადის ქალი („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, (რეჟ. მ. ჭიაურელი, 1965), პელაგია („შეხვედრა წარსულთან“, რეჯ. ს. დოლიძე, 1966), მგზავრი („მონანიება“, რეჟ. თ. აბულაძე 1984), ვარდო (ამბავი „ რეჟ. შ. აბაშიძე, ს. ფარაჯანოვა, 1984), სურამის ციხისა“, რუსუდანი („ოჯახი“, რეჟ. ნ. ჯანელიძე, 1985) და სხვ. მისი ნცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ფილმი „ვერიკო ანჯაფარიძე“ (1976) გადაიღო რეჟ. რ. ჭიაურელელმა.
ა. იყო მხატვრული კითხვის ოსტატი. ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას საქართვ. თეატრ. ინ-ტსა და დრამ. სტუდიებში. იყო აქტ. საზ. მოღვაწე.
1980 აირჩიეს თბილ. საპატიო მოქალაქედ.
სოციალ. შრომის გმირი (1979). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.1987-იდან, კ. მახარაძის თაოსნობით დაარსდა ვ. ანჯაფარიძის სახ. ერთი მსახიობის თეატრი „ვერიკო“.
ლიტ.: აფხაიძე შ., ვერიკო ანჯაფარიძე, თბ., 1956; გუგუშვილი ე., თეატრალური პორტრეტები, თბ., 1966; ვერიკო ანჯაფარიძე. საიუბილეო კრებული, შედგ. ნ. ურუშაძის მიერ, თბ., 1987; ვერიკო ანჯაფარიძე. ალბომი, შედგ. კ. ნინიკაშვილის მიერ, თბ., 1968; «თეატრალური მოამბე», 1987, № 1; მეტრეველი ს. ვერიკო ანჯაფარიძის ფენომენი, წგ. თამაშის ხელოვნება, თბ., 2016; ურუშაძე ნ., ვერიკო ანჯაფარიძე, თბ., 2001; Гугушвили Э., Джанелидзе Д., Грузинский государственный драматический театр им. К. А. Марджанишвили, Тб., 1958.