აბაზები (თვითსახელწოდება აბაზა, აფხ. – აშვი, ყაბ. – ბასხიაღ), აფხაზთა მონათესავე ხალხი, განეკუთვნება იბერიულ-კავკასიურ ხალხთა ოჯახის ჩრდ.-დასავლურ ჯგუფს. ცხოვრობენ ჩრდ. კავკასიაში, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში (რაოდ. 32 ათ. კაცი; 1989). აბაზა ხალხის თავდაპირველი სამშობლოსა და ადრეული ისტორიის ბევრი საკითხი საბოლოოდ გარკვეული არ არის. მკვლევართა ერთ ნაწილს აფხაზთა და ა-თა საერთო წინაპრებად მიაჩნია აბაზგები, თუმცა ტერმ. „აბაზგს“ ამ დროს უფრო პოლიტ. შინაარსი ჰქონდა, ვიდრე ეთნიკური. ძვ. ქართულ წყაროებში ა-თა და უბიხთა აღსანიშნავად გამოიყენებოდა ტერმ. „ჯიქი“ (იხ. ჯიქები). სავარაუდოა, რომ V–XV სს-ში აბაზური ტომები უკვე ცხოვრობდნენ კავკასიონის ქედის ჩრდ. ფერდობებზე, აგრეთვე ადლერ-ქერჩის ზღვისპირა სექტორში (ე. ალექსეევა). XIII–XIX სს-ში ამ ტერიტორიაზე ა-თა ბინადრობას ადასტურებს ევროპელ, თურქ და რუს ავტორთა ჩანაწერები და რუკები. ადრეული შუა საუკუნეებიდან აბაზურ ტომებს მეზობელ კავკასიელ ეთნოსებთან ერთად ცხოვრების თავისებური წესი ჰქონდათ: მათ არ გააჩნდათ მუდმივი დასახლებები, ყოველი ტომი განუწყვეტლივ მიგრირებდა განსაზღვრული ტერიტ. ფარგლებში, ინტენს. მიწათმოქმედების ნაცვლად უპირატესად მისდევდნენ მომთაბარე მესაქონლეობას, იშენებდნენ მხოლოდ დროებითი ტიპის წნულ საცხოვრ. და სამეურნეო ნაგებობებს, ხოლო ზღვისპირელ ტომებს ზღვის მიმართ არასამეურნეო დამოკიდებულება ჰქონდათ (არ ეწეოდნენ მეთევზეობას, ზღვას არ იყენებდნენ როგორც სატრანსპ. არტერიას, მაგრამ ნადავლისა და ტყვეთა მოპოვების მიზნით ფართოდ მისდევდნენ მეკობრეობას). აბაზურ ტომთა ცხოვრების წესისა და მუდმივი მიგრაციების შესახებ მრავალი ცნობაა დაცული როგორც უცხოურ, ისე ქართულ წყაროებში (ჯუანშერი, ვახუშტი ბატონიშვილი).
ა. ამჟამად ორ ეთნიკურ ჯგუფად იყოფიან – აშხარელებად (აბაზ. შხარაუა – „მთიელი“) და ტაპანთელებად (ოსურ-ირან.–ტაპანთა „დაბლობი“, „ბარი“), რ-თა სახელწოდებანი სხვა მონაცემებთან ერთად იმაზე მიანიშნებს, რომ ტაპანთელები ბარად უფრო ადრე ჩასულან, ვიდრე აშხარელები (XVII–XVIII სს.). გვიანდ. შუა საუკუნეებში ადლერ-ქერჩის ზღვისპირა სექტორში მცხოვრები აბაზური ტომები, უცხოელ ავტორთა ცნობით, XIX ს-თვის საბოლოოდ შეერწყნენ დასავლურ-ჩერქეზულ ტომებს და დიდი როლი ითამაშეს შაფსუღების, აბაძეხებისა (ჩერქეზ. აბაზახა „ქვემო აბაზა“) და ნათხვაჯების ეთნოგენეზში. აბაზა ხალხის უმრავლესობა, რ-საც ახ. დაწყებული ჰქონდა ბინადარი ცხოვრება, რუს. ხელისუფლებამ ოსმალეთის აგენტურის ძლიერი პროპაგანდის გამოყენებით იძულებული გახდა აყრილიყო სამშობლოდან და მუჰაჯირად წასულიყო ოსმალეთში (იხ. მუჰაჯირობა). ოსმალეთის იმპერიაში მუჰაჯირი ა-ის დიდი ნაწილი შეერწყა თურქებს, არაბებს, მუჰაჯირ აფხაზებსა და ჩერქეზებს. ამჟამად ა. მცირე რაოდენობით ცხოვრობენ თურქეთში, სირიასა და იორდანიაში. მორწმუნე ა. მაჰმადიანი სუნიტები არიან. ისლამის გავრცელება ინტენსიურად დაიწყო XVII–XVIII სს-ში. ქრისტიანობა ა-ს შორის თავდაპირველად ბერძნ. კოლონიებიდან უნდა გავრცელებულიყო, ხოლო ქართ. სახელმწიფოს ძლიერების ხანაში წამყვან როლს ქართული ეკლესია ასრულებდა, რასაც ადასტურებს აბაზურ ენაში ქართულ ქრისტ. ტერმინთა არსებობა. დაახლ. XVI ს-იდან ქრისტიანობა ა-ს შორის შესუსტდა და დაიწყო წარმართობის აღდგენა, რაც ასახულია უცხოელ და ქართველ ავტორთა ცნობებში.
ლიტ.: ჯანაში ა. ს., შრომები, ტ. 4, თბ., 1968; Адыги, балкарцы и карачаевцы в известиях европейских авторов XIII–XIX в. в., Нальчик, 1974.
თ. გვანცელაძე