აბაკელია თამარ გრიგოლის ასული (19. VIII (1. IX). 1905, ხონი, – 14. V. 1959, თბილისი), მოქანდაკე, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართვ. ხელოვან. დამს. მოღვაწე (1942).
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1929), იყო ი. ნიკოლაძისა და ნ. კანდელაკის (ქანდაკება), ე. ლანსერესა და ი. შარლემანის (გრაფიკა) მოწაფე. 1938-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. იყო „სარმას“ წევრი. ა-ს შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ფორმის უზადო გრძნობა, ძლიერი დინამიკური ნახატი, მაღალი პროფ. ოსტატობა, კომპოზიციის უტყუარი ალღო. ა-ს მნიშვნელოვანი სკულპტურული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია რელიეფური ფრიზი (5 კომპოზიცია): „ბათუმის დემონსტრაცია“, „ოქტომბერი საქართველოში“, „საქართველოს ინდუსტრია“, „სოფლის მეურნეობა საქართველოში“ და „ბედნიერი ცხოვრება“ (ქვა, 1936–37, ყოფ. მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის საქართვ. ფილიალის შენობის ფასადი, თბილისი). ეს ნამუშევარი 30-იანი წლების საქართველოში მონუმ.-დეკორ. ქანდაკების პირველი მნიშვნელოვანი ნიმუში იყო; მეორე მსოფლიო ომის თემაზე შესრულებული კომპოზიცია „შურს ვიძიებთ!“ (1944, ბრინჯაო, საქართვ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმი, თბილისი); ლესია უკრაინკას ძეგლი (1952, ბრინჯაო, სურამი) და სხვ. გრაფ. ნამუშევრებიდან აღსანიშნავია „იმერელი ბიჭი“ (1928), „ბროწეულის კრეფა“ (1930), „ბედნიერი ოჯახი“ (1936), „რთველი“ (1946, საქართვ. ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). ა-მ საქართვ. მხატვრებს შორის ერთ-ერთმა პირველმა დაასურათა „ვეფხისტყაოსანი“ (XX ს. 30-იანი წლები, ხელნაწერთა ინ-ტი, თბილისი). მისი დეკორ.-სიბრტყობრივად აგებული კომპოზიციები, რ-ებშიც ყურადღება გამახვილებულია მოცულობითად, სკულპტურულად გადაწყვეტილ ფიგურებზე, ეპიკურ-რომანტ. განწყობილებას ქმნის. მასვე ეკუთვნის „დავით სასუნცის“ (1939) და ვაჟა-ფშაველას პოემების (1947, საქართვ. სურათების გალერეა, თბილისი) ილუსტრაციები. გააფორმა სპექტაკლები: ს. კლდიაშვილის „ირმის ხევი“ (1945), კ. კალაძის „ლალი“ (1945, კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრი); კინოფილმები: „არსენა“ (რეჟ. მ. ჭიაურელი, 1937), „გიორგი სააკაძე“ (რეჟ. მ. ჭიაურელი, 1941-42), „დავით გურამიშვილი“ (რეჟ-ები ნ. სანიშვილი, ი. თუმანიშვილი, 1945). მიღებული აქვს სახელმწფ. ჯილდოები.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: თამარ აბაკელია. ალბომი შეადგინა და წინასიტყვაობა დაურთო გ. ჯაფარიძემ, თბ., 1967; ფირალიშვილი ო., თამარ აბაკელია, თბ., 1956; შანიძე ლ., ქართული საბჭოთა ქანდაკება, თბ., 1975.
ლ. შანიძე