აბაშიძე მემედ იბრაჰიმის ძე, მემედ-ბეგი (18. I. 1873, ბათუმი, – 1937), საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი.
დაწყებითი განათლება მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ბათუმის სკოლაში. მამის ხელმძღვანელობით დაეუფლა არაბ., სპარს. და თურქ. ენებს. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XX ს. დასაწყისში. სისტემატურად თანამშრომლობდა ქართ. პრესასთან. აქტიურად იბრძოდა მუსლიმან ქართველთა ეროვნ. თვითშეგნების ამაღლებისა და საქართვ. ერთიანობისათვის, რის გამოც განიცდიდა მეფის რუსეთისა და თურქეთის ხელისუფალთა მხრიდან რეპრესიებს. რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1917 დაბრუნდა ბათუმში და განაახლა საზ. და პოლიტ. საქმიანობა. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზ-ბას. 1918 პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს“, 1919-21 რედაქტორობდა გაზ. „სამუსლიმანო საქართველოს“.
აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა ბათუმსა და ბაქოში. მონაწილეობდა თბილისის უნ-ტში შექმნილ არაბ. ენის სახელმძღვანელოს შემდგენ კომისიაში, ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. თურქულად გადაიღო ს. შანშიაშვილის „ანზორი“, დაიწყო „ვეფხისტყაოსნის“ თურქ. ენაზე თარგმნა. ა. ავტორია რამდენიმე მოთხრობისა. 30-იანი წლების საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.
თხზ.: რჩეული ნაწერები, თბ., 1967.
ლიტ.: გერსამია ს., მემედ აბაშიძე. ბიოგრაფიული ნარკვევი, ბათ., 1960.
აბ. სურგულაძე