ანდრონიკაშვილი ელეფთერ ლუარსაბის ძე [12 (25). XII. 1910, პეტერბურგი, – 8. IX. 1989, თბილისი], ფიზიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1955; წ.-კორ. 1950). ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1948), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1960).
დაიბადა ცნობილი ქართვ. იურისტისა და საზ. მოღვაწის ლ. ანდრონიკაშვილის ოჯახში. დაამთავრა ლენინგრ. პოლიტექ. ინ-ტის ფიზიკა-მექან. ფაკ-ტი (1932), იმავე წელს მუშაობა დაიწყო ცენტ. აეროჰიდროდინამ. ინ-ტში. 1934-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ში. 1940 – 42 და 1945 – 48 იყო სსრკ მეცნ. აკად. ფიზ. პრობლემების ინ-ტის დოქტორანტურაში. 1948 – 73 თსუ ექსპერ. ფიზ. კათედრის გამგეა, 1951 – 88 – საქართვ. მეცნ. აკად. ფიზ. ინ-ტის დირექტორი.
ა-მა მნიშვნელოვანი შედეგები მიიღო ფიზ. მრავალ დარგში (კვანტური ჰიდროდინამიკა, მყარი სხეულის ფიზიკა, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, ბირთვული ტექნიკა, ბიოფიზიკა). ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ 2,17 K-ზე ქვევით თხევად ჰელიუმში, მისი კვანტური ბუნების გამო, ყოველ წერტილში ერთდროულად ხორციელდება ორი დამოუკიდებელი მოძრაობა – ზედენადი და ნორმალური (ბლანტი); გაზომა ნორმალური კომპონენტის სიმკვრივისა და სიბლანტის ტემპ-რული დამოკიდებულება (სსრკ სახელმწ. პრემია, 1952); აღმოაჩინა, რომ მბრუნავი ჭურჭელი წარიტაცებს ზედენად კომპონენტს მისი ზედენადობის მიუხედავად (იხ. ანდრონიკაშვილის ექპერიმენტი). მოწაფეებთან ერთად შეიწავლა ზედენადი სითხის ბრუნვის განმახორიელებელი ცირკულაციის თითო კვანტის მატარებელი გრიგალების დრეკადი და რელაქსაციური თვისებები; მძიმე არასტაბილური ნაწილაკების გენერაცია კოსმ. სხივების მიერ და ფართო ატმ. ღვარების მახასიათებლები (განივი იმპულსის შეზღუდულობა); დაადგინა დისლოკაციების გაჩენა ნეიტრონებით დასხივებულ იონურ კრისტალებში; შექმნა მაკრომოლეკულების კვლევის ახ. ფიზ. მეთოდი – მასკანირებელი დიფერენციალური მიკროკალორიმეტრია 4 – 400K ინტერვალში (სსრკ სახელმწ. პრემია, 1978, სხვებთან ერთად) - და კვლევის ახ. მიმართულება – ბიოპოლიმერების დაბალტემპერატურული კალორიმეტრია; გაზომა ცილების მაკრომოლეკულებისა და მათი ზემოლეკულური სტრუქტურების დნობის სითბო; დაადგინა, რომ წყალი სიმსივნურ ქსოვილებში უფრო მოწესრიგებულია, ვიდრე ნორმალურში და აღმოაჩინა სიმსივნის ზრდისას მიკროელემენტების გადანაწილება როგორც მაკრომოლეკულებში, ისე უჯრედებსა და ქსოვილებში;
დაასაბუთა მეტალოკანცეროგენეზის კონცეფცია; დაადგინა, რომ დეზოქსირიბონუკლეინმჟავას (დნმ) ენტროპია ნაკლებია მისი შემადგენელი ნუკლეოტიდების მოუწესრიგებელი ნარევის ენტროპიაზე ძირითადად წყლის მოლეკულების დნმ-ს ორმაგ სპირალში მოწესრიგებული ჩაწყობის გამო.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Непосредствеенное наблюдение двух видов движения в Не II, «Журнал экспариментальной и теоретической физики», 1946, т. 16, в. 9; О пространсвенном распределении проникающей компоненты широких атмосферных ливней, იქვე, 1957, т. 32, в. 2 (თანაავტ. М. Ф. Бибилашвили); Малигнизация и изменение некоторых физико-химических свойств биомакромолекул и надмолекулярных структур, «Биофизика», 1987, т. 32, в. 5.
ლიტ.: იშხნელი ა., მამალაძე ი., ელეფთერ ანდრონიკაშვილი, კრ.: ფიზიკოსების შესახებ, თბ., 1980; ელეფთერ ანდრონიკაშვილი (ბიობიბლიოგრაფია), შემდეგ.: პ. ასათიანი, მ. ბარკავა, ი. დუდუჩავა, თბ., 1988.
ი. მამალაძე